ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: დიტო ცინცაძის ახალი ფილმი


ქართველი კინორეჟისორი დიტო ცინცაძე, რომელსაც 80-იანელთა თაობას მიაკუთვნებენ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ დღეს, ყველაზე აქტიური ან გნებავთ პროდუქტიული კინორეჟისორია. 90-იანი წლებიდან ის ძირითადად გერმანიაში მუშაობს და იღებს ფილმებს “დაკარგული მკვლელები” და “გასროლის შიში”. ეს უკანასკნელი “სან სებასტიანის” საერთაშორისო კინოფესტივალზე იღებს ჯილდოს საუკეთესო რეჟისურისათვის. ამის შემდეგ იწყება მისი ახალი ეტაპი, რომელიც ქართულ-გერმანული კინოპორდუქციის შექმნას გულისხმობს. 2007 წელს, მან ქართველ კინო მოყვარულებს 2 ახალი ფილმი, შესთავაზა. “კაცი საელჩოდან” და “რევერსი”. “კაცი საელჩოდან” ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა, ის ფირზეა გადაღებული და სრულმეტრაჟიანია. მეორე ფილმი, “რევერსი”, რომელიც ამ წლის დასაწყისში წარმოადგინა, ვიდეოზეა გადაღებული და მთლიანად ქართული პროდუქციაა. ამ უკანასკნელმა საქართველოს კინოეკრანებზე ძალიან ბევრი მაყურებელი მოიზიდა, ერთი კვირის განმავლობაში “რევერსის” ჩვენებისას დარბაზი თითქმის მთლიანად ივსებოდა. ეს კი ქართული ფილმებისათვის, უკანასკნელ დროს დიდ გამონაკლისს წარმოადგენს. ჯერ არ დამთავრებულა 2007 წელი და დიტო ცინცაძემ უკვე დაიწყო ახალ ფილმზე მუშობა, რომელსაც ისევ საქართველოში იღებს. მისი და აკა მორჩილაძის ორი სხვადასხვა პიესა, ერთი დამოუკიდებელი ფილმისათვის გაერთიანდა. რამდენიმე ხნის წინ ცინცაძემ ცნობილი მსახიობების ჯგუფი მის გადასაღებ მოედანზე შეკრიბა. ქილერი, თუ უნებლიე მკვლელი – ასეთია მთავარი გმირის სახე, რომლის როლსაც ავსტრიიდან, სწორედ ამ გადაღებებისათვის ჩამოსული მერაბ ნინიძე ასრულებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ. მერაბ ნინიძე – ჩემი პერსონაჟი არის უნებლიე მკვლელი, ფული ჭირდება და მიდის ამ ნაბიჯზე. მაგრამ ძალიან საინტერესო პერსონაჟია, თითქოს ბევრი ადამიანური თვისებაც აქვს, მაგრამ ამავე დროს საშინლად უხეში და არა ადამიანურია. - მსახიობები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სცენარის ავტორები ქართველები არიან და მრავალი პარალელეის გავლება შეიძლება ქართულ რეალობასთან, ეს ახალი ფილმი მკვლელობაზე, არ არის მხოლოდ ვიწროდ, ქართული სინამდვილის შესახებ. მისი განზოგადებაც შესაძლებელია და ის უფრო დიდ მასშტაბზე მუშაობს. ფილმის დაფინანსებაზე მთლიანად “სანგუკო სტუდიო” ზრუნავს. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანს უბრუნდება ქართველი მსახიობი ნუცა კუხიანიძე, რომელიც რამდენიმე ქართულ და აგრეთვე ამერიკულ ფილმში მონაწილეობდა. დიტო ცინცაძესთან, როგორც თავად აღნიშნავს, მას მისთვის უჩვეულო როლის შესრულება უწევს. ნუცა კუხიანიძე – ასეთი როლი ჯერ არ მითამაშია. თან ძალიან მომინდა რაღაც განსხვავებული როლი შემესრულებინა, ეს მსახიობისათვის ძალიან კარგია - რაც უფრო მეტი მრავალფეროვნება იქნება განსახიერებულ როლებში. - დიტო ცინცაძის კინო მანერა განსხვავებულია, განსხვავებულია მისი მონტაჟის სტილიც. მის პირველ გერმანულ პროდუქციას “დაკარგული მკვლელები” ბევრი ჯიმ ჯერმუშსა და ქვენთინ ტარანტინოს ადარებდა, მაგრამ ადარებდა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ყველაზე მეტად კი რაც დიტო ცინცაძეს ამ ორ რეჟისორთან აახლოვებს, ეს იუმორის საოცარი შეგრძნებაა, რომელიც მეტნაკლებად ყველა ფილმში თვალში საცემია. მკვლელობის და მკვლელების თემა კი კინოდან კინოში გადადის და თავს ყოველთვის სხვადასხვა კონტექსტში გვანახებს. დიტო ცინცაძე მისი ახალი ფილმის შესახებ მოგვახსენებს. დიტო ცინცაძე – სიუჟეტიც ძალიან ჩახლართულია. ეს არის ერთი ისტორია, რომელიც მოთხრობილია ოთხი ადამიანის მიერ, სხვადასხვა პერსპექტივით. და ეს ისტორიები გადადის და გრძელდება ყოველ მათგანში. - როგორც რეჟისორი და მისი პროდიუსერი ამბობენ, დიტო ცინცაძის ახალი ფილმი, ახალი მკვლელის შესახებ ეკრანზე 2008 წლის აპრილში გამოვა და ამიტომ იმედია, უფრო გასაგებად მაშინ შევძლებთ ცინცაძისა და აკა მორჩილაძის ახალი ისტორიის გაგებას.
XS
SM
MD
LG