ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დემონსტრანტები დააკავეს


პაკისტანის ხელისუფლებამ ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენაზირ ბჰუტო შინა პატიმრობაში აიყვანა. ეს, ქალბატონი ბჰუტოსთვის უკვე მეორე შინა პატიმრობაა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე.

ნოემბრის დასაწყისში, ბჰუტოს ხელისუფლებამ აუკრძალა მის ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მონაწილეობა მიეღო დაგეგმილ დემონსტრაციაში. საპროტესტო აქცია პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის მიერ საგანგებო მდგომარეობის დაწესების წინააღმდეგ იგეგმებოდა, მაგრამ პაკისტანის უშიშროების ძალებმა დემონსტრაციის დაწყებას ხელი შეუშალეს. დააკავეს ბჰუტოს სახალხო პარტიის ხუთი ათასამდე დემონსტრანტი. რაც შეეხება შინა პატიმრობას რომელიც ქალბატონ ბჰუტოს დაუწესეს, ეს მოხდა ქალაქ ლაჰორიდან ისლამაბადამდე დაგეგმილ არალეგალურ დემონსტრაციაში ბჰუტოს მონაწილეობის აღსაკვეთად.

პაკისტანის ხელისუფლება აგრძელებს მედიის ცენზურას. დაიხურა კერძო რადიო თუ სატელევიზიო სადგურების უმრავლესობა. აშშ უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი გორდონ ჯონდრო აცხადებს, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია პაკისტანში საგანგებო მდგომარეობის არსებობით და იქ ძირითადი უფლებების შეზღუდვით.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ასევე გვინდა, რომ პაკისტანი დემოკრატიას დაუბრუნდეს, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს.” ბატონი ჯონდროს განცხადებით, ყოფილ პრემიერ მინისტრ ბენაზირ ბჰუტოსა და სხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა მიეცეთ და ასევე ყველა დემონსტრანტი განთავისუფლდეს.

დღესდღეობით მარტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები როდი არიან დაკავებული. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადვოკატთა დაკავება, რომლებიც მარტის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ მიმართლი მოძრაობის სათავეში დგანან. ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩის” ცნობით, დაკავებულთა შორის არიან უზენაესი სასამართლოს იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აიტზაზ აჰსანი, მისი წინამორბედი ამ პოსტზე მუნირ მალიკი და უზენაესი ყოფილი მოსამართლე ტარიკ მეჰმუდი, ასევე ადვოკატი ალი აჰმედ ქურდი.

შინა პატიმრობაში იმყოფება კიდევ ერთი ცნობილი ადვოკატი ასმა ჯეჰაგირი, რომელიც იმავდროულად არის პაკისტანის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი რწმენის თავისუფლების საკითხებში. ქალბატონი ჯეჰაგირი უკვე მოინახულა აშშ გენერალურმა კონსულმა ქალაქ ლაჰორში ბატონმა ბრაიან ჰანტმა. ვიზიტის შემდეგ ჰანტმა პრეზიდენტ მუშარაფს მოუწოდა გადადგეს პაკისტანის არმიის მხედართმთავრის თანამდებობიდან და დემოკრატიის დამყარებს შეუწყოს ხელი.

პრეზიდენტმა მუშარაფმა პირობა დადო, რომ 9 იანვრამდე საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. ბრაიან ჰანტი კი ამბობს, რომ არჩევნების სამართლიან პირობებში ჩასატარებლად, ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები ციხიდან უნდა გაანთავისუფლონ. ამას გარდა, მედიას თავისუფლად ფუნქციონირების, საზოგადოებაში კი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება უნდა არსებობდეს.

XS
SM
MD
LG