ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მე-60 წლისთავი შეუსრულდა


როგორც ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, აშშ-ის მთავრობას თავის დროზე საკმარისი ინფორმაცია გააჩნდა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა 1941 წელს იაპონიის ავიაციის თავდასხმა პერლ ჰარბორზე, მაგრამ როგორც სჩანს ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის დროული ანალიზი. აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა ფრანკლინ რიზველტმა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღო სტრატეგიული სამსახურის განყოფილების შექმნაზე, რომლის უპირველესი მიზანს წარმოადგენდა სადაზვერვო და დივერსიული მოქმედება მტრის ზურგში, კერძოდ გერმანიისა და იაპონიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2001 წლის 11-ტ სექტემბერს აშშ-ი ისევე როგროც 1941-თ წელს მოულოდნელი თავდასხმის ობიექტი გახდა. დღესაც არ წყდება გაცხარებული კამათი იმის ირგვლივ შეიძლებოდა თუ არა ამ ტერაქტების თავიდან აცილება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, კერძოდ 1947-ი წლის 18 სექტემბერს, სტრატეგიული სამსახურის განყოფილება ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შეცვალა. ამ უწყების შექმნისათვის ყველაზე აქტიურად სტრატეგიული სამსახურის განყოფილების უფროსი უილიამ დონოვანი იღწვოდა.

-”ამერიკა ვეღარ დარჩება იგივე მდგომარეობაში როგორშიც იგი იყო ომამდე. დღეს ყველასათვის ნათელია ერთი რამ: ახლა როდესაც მშვიდობა დამყარდა ჩვენ არ გაგვაჩნია სპეც-სამსახური, რომელიც სტრატეგიული სამსახურის განყოფილების ფუნქციებს გადაიბარებდა”- ამტკიცებდა ბატონი დონოვანი.

პიტერ ერნესტმა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობა 1950 წელს დაიწყო. დღეს იგი ვაშინგტონში ერთობ ეგზოტიკური მუზეუმის დირექტორია, რომელსაც” ჯაშუშობის მუზეუმი” ეწოდება. ჩვენთან საუბარში მან ცივი ომის პერიოდი გაიხსენა:

-”ეს განსაკუთრებული ისტორიული ხანა იყო. ჩვენ როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს იმის აბსოლუტური შეგრძნება გვქონდა, რომ ცივი ომის ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძოდით აშშ-ისათვის. “

როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა თქვა საბჭოთა კავშირის საგარეო სადაზვერვო უწყება საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს.

-”პროფესიული თვალსაზრისით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს როგორც თანაბარი დონის სამსახურს ისე აღიქვავდა. “

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მისი წარმატებებისა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არც მწვავე კრიტიკის ცეცხლი დაჰკლებია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ამ სამმართველომ ვერ შესძლო საბჭოთა კავშირის დაშლის პროგნოზირება. მისივე შეცდომა იყო დასკვნა იმის თაობაზე თითქოს სადამ ჰუსეინს მასობრივი მოსპობის იარაღი გააჩნდა.

სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციებს უცხოეთში. მაგალითად 1953 წელს ირანში მოწყობილი გადატრიალება ან კიდევ ჩილეში სალვადორ ალიენდეს მთავრობის დამხობა 1973 წელს. ორივე ოპერაცია უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ჩაატარა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. ჟურნალისტი ტიმ ვაინერი მის წიგნში, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ისტორია ეხება მწვავედ აკრიტიკებს ამ ორგანიზაციას. ამ აზრს არ ეთანხმება ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ჯონ მაკლოკლინი.

-”მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები ტიმ ვაინერს, რომელიც მის წიგნში ყურადღებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოოს ჩავარდნებზე ამახვილებს და ხშირ შემთხვევაში მის წარმატებებსაც კი უარყოფითად აფასებს. “

მაკლოკლინს მიაჩნია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბრწყინვალედ შეასრულა მისი მისია 11-ი სექტემბრის მოვლენების შემდეგ მოახდინა რა ელვისებული რეაქცია ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე, რასაც ყველაფერთან ერთად მოჰყვა აიუბ ხანის საიდუმლო ქსელის მწყობრიდან გამოყვანა, რომელიც ბირთვული იარაღისათვის საჭირო კომპონენტების გავრცელებას ემსახურებოდა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ვეტერანები არც თუ ისე დადებითად აღიქვავენ იმას, რომ ბოლო დროს ყურადღება საჯაშუშო ტექნოლოგიაზე არის გამახვილებული და არა უშუალოდ მზვერავთა მომზადებაზე. ჩვენთან საუბარში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა იუჯინ პოტიტმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტიაიმ ფერთე საჯაშუშო არსენალიდან, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს გააჩნია.

-”ჯაშუშობით შეიძლება ომი მოიგო. იმის შეტყობა თუ რას ფიქრობს ან რას გეგმავს მტერი მხოლოდ უშუალოდ მზვერავს შეუძლია. ამის გაკეთება თანამგზავრებით და თვითმფრინავებით შეუძლებელია” - აღნიშნა ბატონმა პოტინმა.

ჯონ მაკლოკლინს მიაჩნია, რმო 11-ი სექტემბრის შემდეგ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განსაზღვრული ბალანსის შენარჩუნება დაზვერვაში ტექნოლოგიისა და ჯაშუშების გამოყენებისას.

-”დღეს დღეობით სპეციალისტთა აზრი მზვერავთა უფრო აქტიურად გამოყენებისკენ იხრება, მაგრამ აქ ფრთხილი მიდგომაა საჭირო: არ უნდა მოხდეს ამ პროცესიდან თანამდეროვე ტექნოლოგიის გამოყენების შემცირება.”

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი 11-ი სექტემბრის ტერაქტების შემდეგ იქნა აყვანილი.

XS
SM
MD
LG