ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თავისი ჯარების რაოდენობა ერაყში


შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თავისი ჯარების რაოდენობა ერაყში, რომლებიც ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უშიშროების განმტკიცებისთვის იბრძვიან. მათი მიზანია ერაყში პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესისთვის ხელის შეწყობა. თეთრი სახლის წარმომადგენელის ტონი სნოუს განცხადებით ანბარის და დიუალას პროვინციებში, ასევე ბაღდადის ზოგიერთ რაიონში ამ მხრივ საგრძნობი ცვლილებები მოხდა:” აქ ძალზე წარმატებული ოპერაციები განხორციელდა მოთარეშეების და მკვლელების წინააღმდეგ, აღმოჩენილია იარაღის საიდუმლო საწყობები.”

ახლახანს კოალიციურმა ძალებმა ბაღდადის სადრის უბანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 კაცი დააპატიმრეს. ისინი იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომელიც ირანიდან ერაყში იარაღის კონტრაბანდას ეწევა და ერაყელ მოთარეშეებს ირანში მდებარე ტერორისტთა საწვრთნელ ცენტრებში აგზავნის.

გენერალ-მაიორ რიკ ლინჩის განცხადებით აპრილში მაჰმუდიაში განხორციელებული რეიდის დროს მოკავშირეთა ძალებმა იარაღის 3 სამალავი აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა საბრძოლო მასალით იყო სავსე:” ეს სამხედრო ამუნიცია ირანული წარმოების აღმოჩნდა, რაც ამ რაიონში ირანის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანი სწორედ ამ კონტრაბანდისტული ქსელის ამოძირკვაა.”

ამერიკელი გენერალ-მაიორის თქმით ძალადობის მთლიანად აღმოფხვრა ალბათ შეუძლებელი იქნება, მაგრამ ერაყელი ხალხის სიცოცხლის უნარიანობა მოკავშირეთა ძალების სიმტკიცესთან ერთად ამ ქვეყნის ბედნიერი მომავლის იმედს გვიტოვებს.

XS
SM
MD
LG