ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ევროკავშირს უპრეცედენტო ეკონომიკურ წარმატებად მიიჩნევს.


შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის ყოფილი თანამშრომელი, ვაშინგტონის პატერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ფრედ ბერგსტინი თვლის, რომ გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ეკონომიკური მიღწევა ევროკავშირის წარმატებაა:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში მომხდართა შორის, ევროპის ინტეგრაცია ყველაზე აღსანიშნავი რამაა. ასეთ წარმატებას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა”. ამბობს იგი.

ევროკავშირისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯები 1952 წელს გადაიდგა, როდესაც რომში მოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ფოლადისა და ქვანახშირის საკუთარი რესურსებით საერთო სარგებლობა გადაწყვიტა. ჰარვარდის უნივერსირტეტის ისტორიკოსის ჩარლზ მეიერის თქმით, ეს ნაბიჯი, საფრანგეთსა და გერმანიას შორის მომავალში ახალი ომის თავიდან აცილების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი:

“მათ ერთიან ბაზარს ჩაუყარეს საფუძველი. ეს ბაზარი ვაჭრობის განვითარებას და გერმანიისათვის ისეთ როლის გამოძებნას ისახავდა მიზნად, რომ ეს ომისაგან დანგრეული ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ ძველებურად ევროპის დომინანტი აღარასდროს გამხდარიყო”. ამბობს ბატონი მეიერი.

ამერიკელები ევროპელებს ომის შემდგომი აღდგენითი პროცესის მიზეზით, ერთმანეთთან ურთიერთობისკენ უბიძგებდნენ. ამბობს მეიერი:

“ჩვენ ევროპელებზე ზეწოლა განვახორციელეთ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ამერიკელები ამ გაერთიანების შექმნას ყოველთვის უჭერდნენ მხარს. რა თქმა უნდა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად ევროკავშირის უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რითაც ჩვენც შეგვიძლია ვიამაყოთ”. აგრძელებს ბატონი მეიერი.

მას შემდეგ, რაც კავშირს 1973 წელს ბრიტანეთი, ირლანდია და დანია შეუერთდნენ, ევროკავშირი ბევრად უფრო გაძლიერდა. ზრდა ნელა მიმდინარეობდა სანამ 2004 წელს კავსირს რვა პოსტკომუნისტური ქვეყანა არ დაემატა:

“ევროკავშირი თავისებური სტანდარტიც კი გახდა. მართალია ეს ფრაზა მოძველებულადაც კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის ეს ევროპული ცივილიზაციის სტანდარტს წარმოადგენდა”. ამბობს ჩარლზ მეიერსი.

ევროკავშირში ყველაზე დიდ ბიზნესს 1970 წელს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წამოწყებული კომპანია აერობუსი წარმოადგენს. 1999 წელს კი როგორც ცნობილია ევროკავშირის წევრი თერთმეტი ქვეყანის ტერიტორიაზე ერთიანი ფულის ერთეული ევრო შევიდა ხმარებაში:

“ევროს შექმნა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს წარმოადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნები ისტორიული სუვერენიტეტის განუყოფელ ნაწილზე, საკუთარი ფულის ბეჭდვაზე ამბობდნენ უარს. მათ ისეთი ვალუტა შემოიღეს, რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილთა შორის ერთადერთია, რომელსაც გლობალური ლიდერობისათვის, დოლართან კონკურენცია ძალუძს”. ამბობს ბატონი ბერგსტინი.

ახლა ევროპა მსოფლიოს ეკონომიკურად მეორე უძლიერეს ფორმირებას წარმოადგენს. თანაც ევროპა 490 მილიონიანი მოსახლეობითა და შეერთებულ შტატებზე უფრო დიდი შიდა ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ერთიანი ბაზარიცაა. ასრულებს ბატონი ბერგსტინი.

XS
SM
MD
LG