ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანისათვის ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდება მკვეთრად შეზღუდა


იმ ეჭვით, რომ სამოქალაქო დანიშნულების სამუშაოებს ამოფარებული ირანი სინამდვილეში ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანისათვის ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდება მკვეთრად შეზღუდა.

აქამდე სააგენტო ირანში 50-ზე მეტ პროექტს ახორციელებდა. დღეს, სააგენტოს 35 ქვეყნის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულმა განმკარგულებელთა საბჭომ, პროექტთა თითქმის ნახევრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

საპასუხოდ ირანის წარმომადგენელმა სააგენტოში ალი აშღარ სოლთანიემ განაცხადა, რომ დახმარების შეწყვეტა ურანის გამდიდრების პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

ატომური ენერგიის სააგენტოს გადაწყვეტილება, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციდან მომდინარეობს.

ამის ფონზე ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, რომ ყოფილმა ირანელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც თურქეთში ვიზიტისას გაუჩინარდა გასულ თვეს, ირანი დატოვა და იგი ამჟამად დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს .

ვაშინგტონ პოსტი იმოწმებს ერთერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს, რომელიც ამბობს, რომ ალი რეზა ასგარი ლიბანის ჰეზბოლას დაჯგუფებისა და მისი ირანთან კავშირის შესახებ გასცემს ინფორმაციას. თუმცა ამერიკელ თანამდებობის პირს არ დაუკონკრეტებია ასგარის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა.

XS
SM
MD
LG