სხვა ქვეყნებთან ერთად აქ საქართველოცაა განხილული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სუდანის დარფურის რეგიონში მიმდინარე გენოციდი სადღეისოდ ყველაზე მძიმე რეალობას წარმოადგენს. ანგარიშში ერაყისა და ავღანეთის შესახებ ნათქვამია, რომ მოთარეშეთა მოქმედება ამ ქვეყნებში, ადამიანის უფლებების დაცვაზე უარყოფითად მოქმედებს. ერაყში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირებამ, 2006-ს წელს სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ განვითარებას. ანგარიშის შეფასებით, გასულ წელს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს ლიბერიამ, მაროკომ და უკრაინამ.
საქართველოსადმი მიძღვნილ პუნქტებში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების საკითხის ზოგ სფეროში გამოსწორება აღინიშნებოდა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სერიოზული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ პრობლემების აღმოფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო ადამიანების გარდაცვალების ფაქტები მაინც აღინიშნება. დაფიქსირებულია დაკავებულების წამება და აღინიშნება მათდამი ცუდი მოპყრობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, მსუბუქი დანაშაულის ჩადენაში ეჭმიტანილებს ჯერ კიდევ გაუმართლებლად და უკანონოდ უხანგრძლივებენ წინასწარი დაკავების ვადას. აღინიშნება საქართველოს პენიტენციალური სისტემის პირობების გაუარესება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში რიგით მოქალაქეს ადვოკატზე ხელი არ მიუწვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული რეფორმების გამო კორუფციის ფონის გამოსწორებისა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზეწოლას სასამართლო სისტემაზე და მედიაზე.
შარშან საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ნათქვამია დოკუმენტში. მაგალითად მიღებულია ადამიანების ტრაფიკინგთან ბრძოლისათვის გამიზნული ახალი კანონი. ამ კანონის შედეგად ტრაფიკინგში მონაწილეობისათვის ბრალდების უკვე თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
აგრეთვე საქართველოს მთავრობა აგრძელებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელებასაც. სასამართლოებს დამოუკიდებლობა თანდატანობით უფრო ეზრდებათ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობასა თუ მის მოხელეებს არცერთი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა არ ჩაუდენიათ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის, გასულ ივლისს, ბრალდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს წაუყენეს. 2004 წელს მომხდარ ამირან რობაქიძის მკვლელობაში, აგვისტოში პოლიციის ოფიცერი სცნეს დამნაშავედ. პროკურატურამ პოლიციის მიერ კრიმინალების წინააღმდეგ ლეტალური მეთოდებით ბრძოლის ბრალდებით საქმე გახსნა. აქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველო ვერ აკონტროლებს და იქ დაფიქსირებულ მკვლელობებზე პასუხს არ აგებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ეს აკრძალულია, საქართველოში დაკავებულთა წამების ფაქტები აღინიშნება.2004 - 2005 წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი პროცედურა დანერგა. გასულ წელს წამებისა და პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობის ბრალდებით 68 საქმე გაიხსნა.
ახალი საპატიმროების გახსნისა და ზოგი ძველის რემონტის მიუხედავად, ციხეებში არსებული სიტუაცია მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს სიტუაცია გაუარესდა კიდეც. ეუთოს, ჰიუმან რაიტს ვაჩის, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის და კიდევ სხვათა მიერ, ვრცელდება ინფორმაცია ციხეებში ანტისანიტარული და ადამიანისთვის ყოვლად მიუღებელი სიტუაციის არსებობის შესახებ. იმატა ციხის პერსონალის მიერ პატიმრების ჩაგვრის ფაქტებმაც. ციხეთა უმეტესობა გადაჭედილია, რაც პატიმართა რიცხვის ზრდაზეც მეტყველებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლების მიერ კრიმინალთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პოლიტიკის გამიძახილია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პატიმართა 63 პროცენტი სასამართლო პროცესის დაწყებას ელის.
ანგარიშში საქართველოში თავისუფალი პრესის შესახებ ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით პრესის თავისუფლება დაცულია, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ექსპერტების ბრალდებით, მთავრობის ზოგი მაღალი რანგის წარმონმადგენელი მედიაზე ზემოქმედებას ცდილობს. არსებობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებთან ფიზიკურად გასწორების ინფორმაციაც. საქართველოს არასამთავრობო ოგრანიზაციები, მედიის ექსპერტები და ცალკეული ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ძნელია საყოველთაოდ გათვლილი ინფორმაციის მოპოვება. ტენდერები, რომლებსაც მედიას სტავაზობენ არაგამჭვირვალეობით გამოირჩევა. აღინიშნება ფავორიტიზმი. ჟურნალისტებზე არაპირდაპირი და დაფარული ზეწოლა ხორციელდება. ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.