ისე, მოხდა, რომ წინაასაახალწლო ეიფორიაში თითქმის უყურადღებოდ დარჩა მოვლენა, რომლის შესრულებაზეც ქართველი ხალხი არც თუ ისე ცოტა ხანი ოცნებობდა, და ეს ოცნება არც ისე დიდი ხნის წინ განუხორციელებელ მიზნად ითვლებოდა. თბილისის ცენტრში აღარ არსებობს რუსული არმიის შტაბი, შენობა რომელიც ადრე საბჭოთა არმიას ეკუთვნოდა, ქართულ სამხედროებს გადასცეს. ამ ძალიან სიმბოლური მოვლენის შესახებ, ჩვენს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. კინოდოკუმენტალისტი და შეიძლება თამამად ითქვას, საქართველოს ახლო წარსულის მემატიანე, თომა ჩაგელიშვილი, რომელიც ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და ქართული საზოგადოებისათვის თითქმის უცნობ დეტალებზე საუბრობს. “ზაკვოს” და “გრუს” - ფუნქცია, დანიშნულება და ისტორია უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში.
თომა ჩაგელიშვილი – მთელი 90-იანი წლების დასაწყისში, მთელი ქართული პოლიტიკა იმართებოდა რუსეთის სამხედრო შტაბიდან. ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს ამის დასამტკიცებლად. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, მთელი გამსახურდიას ოპოზიციის შეიარაღება ხდებოდა, სწორედ ამ ბაზიდან. იყო ძალიან საინტერესო მომენტები, იმჟამინდელი “გეერუს” შეფი იყო თენგიზ კიტოვანთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და ამიტომ მათგან მარაგდებოდა გამსახურდიას ოპოზიცია. სხვათაშორის თბილისის ომის დროს იყო, ასეთი გაერთიანება, მგონი “ლეტუჩი მიშ” ერქვა, რომლებსაც უნდა ეხელმძღვანელათ პარლამენტის შენობის აღებისთვის, ორი ბეტეერი შეიჭრა მაშინ პარლამენტის შენობაში, რომელთაც არ მიეხმარნენ გარედან და ამიტომ ისინი დახოცეს, ეს იყო რუსული ეკიპაჟი. მაშინ ჯაბა იოსელიანი ხმამაღლაც კი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, იმის თაობაზე რომ მათ დანარჩენი სამხედროები არ დაეხმარნენ.
მაგალითად საინტერესოა, კიდევ როგორ მოხდა იგორ გიორგაძის დანიშვნა. მაშინ, როდესაც გადადგა ირაკლი ბათიაშვილი, ყველამ ვინც იყო ეროვნული მოძრაობიდან გადადგნენ. შევარდნაძემ გადაწყვიტა დაენიშნა ავთანდილ იოსელიანი უშიშორების მინისტრად. მაშინ ჯაბა იოსელიანი შევიდა შევარდნაძესთან და უთხრა, რომ რუსები ითხოვენ, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნოს იგორ გიორგაძე. ჩვენ თუ გვნიდა, რომ აფხაზეთი დავიბურნოთ და თუ გვინდა რომ რუსები დაგვეხმარონ, (ასეთი იყო მოტივაცია) უნდა შევასრულოთ მათი მოთხოვნა. მაშინ ედუარდ შევარდნაძის ბრძანება იმის ტაობაზე, რომ ავთო იოსელიანია დანიშნულიყო კანცელარიიდან აღარ გამოვიდა და ასე მოხდა იგრო გიორგაძის დანიშვნა. ასევე მოხდა ვარდიკო ნადიბაიძის დანიშვნა, რომელიც მანამდე ამ “ზაკვოში” მუშაობდა და ისევ იმ პირობით, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში რუსები დაგვეხმარებოდნენ აფხაზეთის საკითხში. ერთი სიტყვით მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი ქართული პოლიტიკა, მთლიანად იმართებოდა სწორედ ამ შენობიდან, ამ სამხედრო შტაბიდან.
- ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში რუსული პოლიტიკის და სამწუხაროდ, სწორედ სამხედრო პოლიტიკის აქტივობას ამტკიცებს. საბედნიეროდ, 2007 წელი ქართველი ხალხისათვის ამ სასიამოვნო სიახლით დადგა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ვირწემუნოთ - მომავალში საქართველო მთლიანად მოახერხებს რუსული პოლიტიკისგან გათავისუფლებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2007 წელს და გემშვიდობებით. რადიო ამერიკის ხმა, ნინია კაკაბაძე თბილისიდან.