ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს დაუბრუნდა და პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაბრუნებას ელოდებოდა: ნინო ბურჯანაძე ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ოპოზიცია სამთავრობო საათის აღდგენას მოითხოვდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთის მიერ გომოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის, ენერგეტიკის საკითხებზე და დეპორტირებული ქართველების შესახებ პარლამენტში სამთავრობო საათზე ყველა კითხვაზე პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის და ელონომიკის მინისტრები უპასუხებენ. კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებასთან, ცხინვალში 12 ნოემბერს დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით პარლამენტართა შეკითხვებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი უპასუხებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვში დროებით, კონსულტაციებისთვის გამგზავრებული რუსეთის ელჩი, ვიაჩესლავ კოვალენკო თბილისში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ რუსეთის ელჩის თბილისში დაბრუნების საკითხი ჯერ არ დგას, ეს საკითხი გაურკვეველია, ვინაიდან რუსული მხარე ვერ ხედავს პირობებს, რომლებიც მის დაბრუნებას საიმედოს გახდიდა“.
რუსეთიდან დეპორტირებულთა ჩამოსვლა გრძელდება. ამ საღამოსაც მოსკოვიდან თბილისში 50 დეპორტირებულს ჩამოიყვანენ.
ეკონომიკური ბლოკადის პირობებში როგორ ცხოვრობენ საქართველოს დედაქალაქში რუსი ეროვნების ადამიანები? - ამ თემაზე იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა კონსტანტინეს გავესაუბრე :
თქვენი აზრით, რატომ არ გამოთქვამს პროტესტს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დეპორტაციასთან, ქართველების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით? ხალხი გამოდის, გამოთქვამს პროტესტს, რუსული ეკლესია კი დუმს...
კ.გიორგაძე : ერთ რაღაცას გეტყვით.. პროტესტს ეკლესია საერთოდ არ აცხადებს. არც არის საჭირო ეკლესიამ პროტესტი განაცხადოს. ეკლესია ლოცულობს. და მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და მისი სინოდი ლოცულობს ამ კრიზისის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის.