როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა გამოიყვანოს ჯარი კოდორის ზემო ნაწილიდან - ზემო აფხაზეთიდან, ასევე თავი შეიკავოს საომარი რიტორიკისაგან და არ დაუშვას პროვოკაციული მოქმედებები. რეზოლუცია მოუწოდებს თბილისს თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც აფხაზეთმა შესაძლოა საფრთხედ აღიქვას.
რუს სამშვიდობოებს მანდატი ხვალ, 15 ოქტომბერს ეწურებოდათ, გუშინდელი რეზოლუციით მათ მანდატი მომავალი წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდათ. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით, უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობოებისთვის აფხაზეთში მანდატის გაგრძელების თაობაზე - ერთხმად მიიღეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ თბილისი იძულებული იქნება აფხაზეთში შეიარარებული ქმედების პროვოცირებაზე უარი თქვას. „ გაერომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა,რასაც მოსკოვი თბილისს უყენებს და რასაც საქართველო აქამდე არ ასრულებდა“ - ამბობს სერგეი ლავროვი. რეზოლუციით კმაყოფილება გამოთქვა სერგეი ბაღაფშმაც.
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს რეზოლუციის შესახებ აცხადებს, რომ საქართველო ზემო აფხაზეთის ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრის დათმობას არ აპირებს, პირიქით, „ ჩვენ ვგეგმავთ ტერიტორიების დაბრუნების პროცესის გაგრძელებას. ამჟამად ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიის 30%-ს ვაკონტროლებთ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სრულ კონტროლს აღვადგენთ“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, სადაც განაცხადა, რომ ამ რეზოლუციით საქართველომ კოდორის ხეობა დაკარგა.
შ.ნათელაშვილი : გუშინდელმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნა შეიარარებული ძალების გაყვანის თაობაზე, რუსი სამშვიდობოების დაშვებაზე ხეობაში აფსუებთან ერთად, ფაქტიურად შექმნა უპრეცედენტო სიტუაცია.. ათასწლეულობის მანძილზე იქ მტრის ფეხი არ დადგმულა და დღეს უკვე ამ ხეობასაც მიეცა ისეთივე სტატუსი, რაც გალის რაიონს, რაც თავისთავად ნიშნავს, ამ ტერირორიის დაკარგვას ფაქტობრივი კონტროლიდან საქართველოს ხელისუფლების.