ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძის რუბრიკა “საზოგადოება”


ხელოვანი და პოლიტიკა, ეს ჩვენი უკანასკნელი გადაცემების თემაა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს. იყო ისეთი მოსაზრებებიც, ხელოვანები, რომელნიც ამბობდნენ, რომ შემოქმედი, მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით უნდა იღებდეს ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწილეობას. დღევანდელი გადაცემის სტუმარი პოეტი ზურა რთველიაშვილია, რომელიც ყველასათვის ცნობილია რომ უაკანასკნელ პერიოდში აქტიურად იღებს მონაწილეობას იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც ქვეყანაში არსებული ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ არის მიმართული. რა არის ხელოვანის ფუნქცია?

ზურა რთველიაშვილი – ხელოვანი პირველ რიგში უნდა იყოს, მაღალი მოქალაქეობრივი პრინციპების მატარებელი. ასე იყო ყოველთვის და ამისათვის არა ერთი მაგალითი არსებობს, მაგალითად ლენონი, ბობ მარლეი, ბობ დილანი ეს და კიდევ სხვა ის ხალხია, რომელთაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმ დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომელიც მეტნაკლებად მოქმედებს თანამედროვე სამყაროში. ასე იყო საქართველოშიც, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ამის მაგალითები არიან და ასე იყო რუსეთშიც.

ვფიქრობთ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, რამდენად მაღალია სახელოვნებო წრის მონაწილეობის ხარისხი, საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირებაში. ცნობილია, რომ არიან თითოეული ხელოვანები, ვისი აზრიც, პოზიციაც ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა საზოგადოებისათვის და მას ანგარიშს უწევენ. როგორია ზურა რთველიაშივლის დამოკიდებულება, მისი მოსაზრება, რამდენად აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე საქართველოში ხელოვანი.

ზურა რთველიაშვილი – სამწუხაროდ უმეტესი ნაწილი არ არის ჩართული და ალბათ ვერც იქნება, ყველა ხელოვანს აქვს საკუთარი პოლიტიკა. არიან ისეთი, კლასიკური ტიპის ხელოვანები, რომელიც საკუთარ, შინაგან ემიგრაციაში იმყოფება და მუშაობს თავის ლაბორატორიაში, ქმნის არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს. მაგრამ არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობაც შესაძლებელია გახდეს შემოქმედისათვის უნიკალური მასალა, ანუ პოლიტიკას გამოაცალო მავნე ფერები და ფორმები და გარდაქმნა ხელოვნების ნიმუშად. ასეთ ხერხს, მეც ხშირად მივმართავ ხოლმე.

ერთი სიტყვით მრავალი ხერხი არსებობს იმისა, რომ ქვეყნის ინტელექტუალურმა ბაზამ მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. როგორც თანამედროვე ქართულ კულტურაში მოღვაწე ადამიანებთან საუბრისას გამოიკვეთა, საუკეთესო შემთხვევაში ხელოვანი საკუთარი შემოქმედებით უნდა ზემოქმედებდეს არა მხოლოდ საზოგადოებაზე, არამედ პოლიტიკაზეც. მაგრამ ერთიც ცხადია, პოეტი ზურა რთველიაშვილი ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, არა მხოლოდ პოეტურად, არამედ ფიზიკურადაც მონაწიელობს და ეს არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული ლექსი, მოთხრობა, ფერწერული ტილო თუ ფილმი.

რადიო ამერიკის ხმა, ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG