ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ბირთვული არსენალის უშიშროების დაცვის პრობლემებთა


ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ დღევანდელი მსოფლიოსათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშიშროებას ტერორისტების მიერ, რომელიმე დიდ ქალაქში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს. რუსეთის ბირთვული არსენალი დაახლოებით 16 ათასი ქობინისა და 600 ტონა ბირთვული მასალისაგან შედგება. ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთის ბირთვული არსენალია ყველაზე ცუდად დაცული და ტერორისტებისათვის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი.

სულ მცირე რაოდენობის ბირთვული მასალაც კი საკმარისია ეგრეთწოდებული “რადიოაქტიური ნაღმის” შექმნისათვის. მიუხედავად უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევისა, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, რუსეთიდან ბირთვული მასალის კონტრაბანდულად გატანის მცდელობის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბირთვული საშიშროების თავიდან აცილების ინიციატივის, რუსეთის პროგრამის მთავარი მრჩეველი ბრიუს ბირლსი ამბობს, რომ სადღეისოდ რუსეთის ბირთვული არსენალის მხოლოდ ნაწილის უსაფრთხოებაა დაცული.

“რუსეთი ბირთვული იარაღის დამზადებისათვის გამოსადეგი მასალის უდიდეს რაოდენობას ფლობს. ეს მასალა 40-დან 80 ათასამდე ბირთვული

ბომბის დამზადებას ეყოფა. ეს ძალზე ბევრია, სადღეისოდ კი ამ მასალის მხოლოდ 50-თი პროცენტის უსაფრთხოდ შენახვას მიაღწიეს. ციტატის დასასრული.

შეერთებული შტატები, ბირთვული საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ყოველწლიურად 500 მილიონამდე დოლარს ხარჯავს. 1990 წელს მოყოლებული, ამერიკა და რუსეთი ერთობლივი ძალებით ცდილობენ რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილის განადგურებას ან დეაქტივიზაციას. იქნება ეს ქობინები, სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები თუ წყალქვეშა ნავები.

საშიშროებას, რუსეთის ბირთვული საკვლევი რეაქტორებიც წარმოადგენს. მათი უმეტესობა ძალზე ცუდადაა დაცული, რაც ტერორისტებს თავდასხმას გაუადვილებს. საერთოდ ეს გლობალური პრობლემაა. მსოფლიოში სულ 128 საკვლევი ბირთვული რეაქტორია. მათ უმეტესობას მცირე, ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტებთან და საკვლევ ინსტიტუტებთან არსებული ცენტრები წარმოადგენ, სადაც მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანის შედარებით უმნიშვნელო რაოდენობას იყენებენ. მაგრამ გამდიდრებული ურანის ეს უმნიშვნელო რაოდენობა ისევე შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღის შესაქმნელად, როგორც რუსეთის ან სხვა ქვეყნების სამხედრო საცავებში არსებული.

2002 წელს, როდესაც 40-მა შეიარაღებულმა ჩეჩენმა მოსკოვში თეატრი აიღო და იქ მყოფი 800 ადამიანი აიყვანა მძევლად, გაირკვა ის, რომ ისინი მსგავსი თავდასხმის მოწყობას, კურჩატოვის სახელობის საკვლევ ინსტიტუტზეც აპირებდნენ. იმ ინსტიტუტზე, რომელშიც რამდენიმე საკვლევი ბირთვული რეაქტორი მდებარეობს.

მიუხედავად არსებული საშიშროებისა, რუსეთის სამხედროები სულ უფრო მზარდი ძალით ეწინააღმდეგებიან, მათი ბირთვული ობიექტების დაცვის საქმეში ამერიკის მიერ დახმარების გაწევას. ისინი შიშობენ, რომ ამერიკელი ინსპექტორები, რუსული სამხედრო ტენოლოგიების თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეაგოვებას შეძლებენ.

წინათ რუსები ამბობდნენ, რომ უცხოელებს სულ მცირე ორ ბირთვულ კომპლექსში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ეს ის ორი უზარმაზარი ბირთვული ქარხანაა, რომლებშიც გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმის, რუსეთში არსებული მთელი მარაგის ერთი მეოთხედი ინახება.

კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი როზ გოტემულერი ამბობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთი და ამერიკა დაშორდნენ

ბირთვული განიარაღების იმ დიალოგს, რომელიც მათ შორის მანამდე მიმდინარეობდა.

“ამერიკის ბირთვული იარაღი, დღესაც რუსეთზეა დამიზნებული. ასევე იქცევიან რუსებიც. ასე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში არსებული ბირთვული იარაღის განლაგება არ შეგვიცვლია. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ვამტკიცებთ, რომ რუსეთი ჩვენი იმ სახის მტერი აღარ არის, როგორიც მანამდე იყო. ორივე ქვეყნის ბირთვული იარაღი ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ რაიმე უდიერებისა თუ შემთხვევითობის გამო ბირთვული კატასტროფა არ მოხდეს”. ციტატის დასასრული.

დამკვირვებლების აზრით, თუ სამუშაოები არსებული ტემპით გაგრძელდა, რუსეთის არსენალის დეაქტივიზაციას 14 წელი დასჭირდება. თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ამ არსენალის სიდიდეს არავინ უწყის, შეიძლება ბევრად მეტიც.

XS
SM
MD
LG