ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრთავა არწივი (ფსოვი) - ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა


მე-18ე საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782- ი წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.

ერთი ასეთი ვერსიაც არსებობს, თითქოს რევოლუციის პირველი ბრძოლისას გარიჟრაჟზე არწივთა მთელი გუნდი გაფრინდა ბრძოლის ველისაკენ, წრე შემოარტყა ამერიკელ მებრძოლებს და მათ გარშემო წრიულად დაიწყო ფრენა. ეს ფაქტი ამერიკელთა მიერ პოზიტიურ ნიშნად იქნა აღქმული.

ამერიკაში არწივი გამოსახულია ვერცხლის დოლარიანზე, 25-თ ცენტიანზე, ოქროს მონეტებზე, ამერიკის შეერთებული შტატების დიდ სახელმწიფო ბეჭედზე და სხვა.

საინტერესოა ამერიკის დიდი სახელმწიფო ბეჭდის შექმნის

ისტორია. ცამეტი კოლონიის დელეგატთა მეორე ყრილობაზე, ოფიციალური ბეჭდის შექმნის საკითხი დადგა. ბენჯამენ ფრანკლინმა, თომას ჯეფერსონმა და ადამსმა, როგორც კომისიის წევრებმა ითავეს ბეჭდის დიზაინის შექმნა, მაგრამ ერთ-ერთი რამ რაც ამ დიზაინიდან კონგრესმა მოიწნა იყო მხოლოდ წარწერა “ე პლურიბუს უნუმ”, რაც ნიშნავს ბევრიდან ერთს, ანუ ერთ სახელმწიფოდ შეკრულ ცამეტ კოლონიას. ეს იყო და ეს, ბოლოს 1782 წელს ერთ-ერთი ფილადელფიელი ორნითოლოგის ძმამ კონგრესს წარუდგინა დიდი ბეჭდის საკუთარი ვარიანტი, რომელზეც როგორც ძალისა და სიმამაცის სიმბოლო არწივი იყო გამოსახული. კონგრესმა მოიწონა ეს ემბლემა და ცოტაოდენი შესწორების შემდეგ 1782 წლის მიწურულს დაამტკიცა იგი. 1787 წელს კი იგი საბოლოოდ დამტკიცდა , როგორც აშშ-ის ოფიციალური სახელმწიფო გერბი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არწივს, როგორც გერბს მანამდე ყველა შტატი დამოუკიდებლად იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმბოლომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში განსაზღვრული ცვლილებები განიცადა, გამოსახულების მთავარი ელემენტები მაინც უცვლელი რჩება. საინტერესოა ერთი ასეთი მომენტი. ბენჯამენ ფრანკლინი აშკარად არ ეთანხმებოდა არწივის სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცებას. იგი წერდა:“ნეტავ არ აერჩიათ თეთრთავა არწივი ამერიკის სიმბოლოდ, მისი თვისებების გამო. ის არც თუ ისე მამაცია, როგორც ჩვენ გვგონია. არც საზრდოს მოსაპოვებლად იწუხებს იგი მაინცადამაინც თავს. მაგალითად, ხშირად იგი მდინარის ნაპირზე საათობით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ ნადირობს თევზზე მასზე მცირე ზომის რომელიმე მტაცებელი ფრინველი. შემდეგ იგი თავს ესხმის მას და ართმევს ნადავლს. სიმამაცეს კი რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ის არამც თუ მამაცი, არამედ მშიშარაც კია. ისეთი მცირე ზომის ჩიტს როგორიცაა მაგალითად ბეღურა, თავისუფლად შეუძლია დააშინოს და განდევნოს იგი. მცდარია ის აზრი, რომ თეთრთავა არწივი უნდა ჩაითვალოს სიმამაცის სიმბოლოდ, სიმბოლოდ ჩვენი ქვეყნისა. ჩემის აზრით უკეთესი იქნებოდა თუკი ამერიკის ეროვნული სიმბოლო ინდაური გახდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ იგი ამერიკის კონტინენტზე უხსოვარი დროიდან ბინადრობს. ინდაურზე კი მოგახსენებთ, რომ ნამდვილად მამაცი თვისების მქონე ფრინველია. დარწმუნებული ვარ იგი ერთი წუთითაც არ შეუშინდებოდა მის ეზოში შევარდნილ კბილებამდე შეიარაღებულ ბრიტანელ ჯარისკაცსაც კი, რომელსაც ამერიკის დამოუკიდებელი კოლონიები ასე თავგანწირვით ებრძოდნენ. “

მიუხედავად ფრანკლინის აშკარა წინააღმდეგობისა, თეთრთავა არწივი მაინც გახდა ამერიკის სიმბოლო. როგორც უკვე ავღნიშნეთ იგი გამოსახულია მონეტებზე, აშშ-ის ოფიციალურ ბეჭდებზე,ბევრ ამერიკულ მარკაზე, ფულზე და აშ. არ ვიცი, დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზის გამო, როგორც ირკვევა ბოლო დროს არამარტო თეთრთავა არწივს, არამედ სხვა სახეობის არწივების გამოსახულებასაც იყენებენ როგორც ამერიკის სიმბოლოს, მაგრამ ეს ალბათ უფრო სპეციალისტთა თვალს ჭრის.

XS
SM
MD
LG