ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუპერტ მერდოკი  საქართველოს მედია ბაზარზე

რუპერტ მერდოკი საქართველოში შემოდის და ტელეკომპანია და რადიო იმედის აქციების პაკეტს ყიდულობს. ნიუსკორპი ქართულ მედია ბაზარზე უკვე საკონტროლო პაკეტის წილს ფლობს. ბადრი პატარკაციშვილი _ “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რუპერტ მერდოკის მულტინაციონალური კომპანია ნიუსკორპორაცია შემოდის ტელე იმედისა და რადიო იმედის პარტნიორად. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია საქართველოს ცხოვრებაში, ეს გვაძლევს საშულებას მთელს მსოფლიოში გავიტანოთ საქართველოს იმიჯი და გავზარდოთ დაინტერესება მის მიმართ. მიმაჩნია რომ ეს არის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში და მინდა მივულოცო მთელ საქართველოს”. რუპერტ მერდოკის შემოსვლა საქართველოში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ მერდოკი რესპუბლიკელების, ჯორჯ ბუშის აქტიური მხარდამჭერია. მის მედია საშუალებებს პირველ რიგში მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის გატარებისათვის აკრიტიკებენ. თუკი მისი შემოსვლა საქართველოში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ იქნებოდა ინიცირებული, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. ვინაიდან ცნობილია, როგორც მერდოკის ასევე ქართული მთავრობის ბრმა ნდობა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის და მისი პოლიტიკის მიმართ. მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მერდოკი ერთ_ერთ იმ მსხვილ ბიზნესმენს შემოჰყავს საქართველოში, რომელიც არც თუ ისე დამტკბარ ურთიერთობაშია დღევანდელ ხელისუფლებასთან და ეს მაშინ ხდება, როდესაც ტელეკომპანია “იმედი” ქართული მთავრობის კრიტიკის ქარცეცხლში აგრძელებს არსებობას. ასევე, რამდენად ღიად არ უნდა იყოს ქართული ხელისუფლება დღეს ბუშის პოლიტიკის მხარდამჭერი, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აწყობდეს უცხოელი მფლობელის შემოსვლა მედიაში, რომლის კონტროლსაც ის სხვადასხვა ხერხებით ცდილოს. და რატომ? რადგან ქართველი ჩინოვნიკების კონტროლის მექანიზმები შესამჩნევად დასუსტდება ნიუსკორპის შემოსვლისთანავე. შეწყდება ის ფარული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს ქართულ მედიასა და მთავრობას შორის, სადაც მთავრობას სჭირდება მედია მისი რეიტინგისათვის და მედიას სჭირდება მთავრობის კეთილგანწყობა მომავალი არსებობისათვის. და კიდევ, ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ნიუსკორპის შემოსვლა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ტელეიმედი როგორც სრულუფლებიანი წევრი, საერთაშორისო მედია ბაზარზე გადის, აქედან გამომდინარე, თუკი აქამდე დასავლეთში ინფორმაციის გამტანი მხოლოდ ქართული მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, დღეს ამ ფუნქციას თავის თავზე მედია აიღებს. ამიტომ, ეს იქნება საუკეთესო კონტროლის საშუალება ქართულ ხელისუფლებაზე, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს.

XS
SM
MD
LG