ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეიტრალური შვეიცარია ამერიკული F-35-ების ყიდვას გეგმავს


შვეიცარიამ ამერიკული კომპანია „ლოკიდ მარტინის“ ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობამ განცხადება ოთხშაბათს გამოაქვეყნა, რასაც სავარაუდოდ, აზრთა მწვავე სხვადასხვაობა მოჰყვება. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ამ გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.

ნეიტრალური შვეიცარია გეგმავს 36 ერთეული F-35A ტიპის თვითმფრინავის ყიდვას, რაც მთავრობის განცხადებით, საუკეთესო და ყველაზე დაბალი ღირებულების ასეთი შენაძენი იქნება.

გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა იარაღის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და მემარცხენე ფრთის პროტესტი და კრიტიკა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ისინი თვითმფრინავების შესყიდვის საკითხზე ქვეყანაში, სავარაუდოდ, მესამე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

შვიდი წლის წინ შვეიცარიელმა ამომრჩეველმა დაბლოკა მთავრობის გადაწყვეტილება $6,5 მილიარდ დოლარად შვედური კომპანია "სააბისგან" ეყიდათ საბრძოლო თვითმფრინავები. გასულ წელს ამავე თემაზე ახალი რეფერენდუმი ჩატარდა, რომელმაც მცირე უპირატესობით მთავრობას ამერიკული F-35-ების ყიდვის უფლება მისცა.

ქვეყანაში ზებგერითი თვითმფრინავის ყიდვას, რომელსაც შვეიცარიის მთლიანი ტერიტორიის გადაფრენა 10 წუთში შეუძლია, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG