ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის დახურვა და გლობალური ეკონომიკა


ამერიკა ყოველდღიურად 300 მილიონ დოლარს კარგავს, რაც კვირაში მილიარდ ნახევარ დოლარს აღემატება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00
ბმული

17 წლის განმავლობაში პირველად, მთავრობის დახურვა შეერთებულ შტატებს უზარმაზარი თანხები უჯდება. ამერიკაში ბიზნესის, ტურიზმის და სახელფასო დანაკარგების საერთო ჯამი ყოველდღიურად 300 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს კი კვირაში ერთ მილიარდ ნახევარზე მეტია.

ეს შემაშფოთებელი მონაცემები მთავრობის დახურვით გამოწვეული შედეგია. თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის ვალის ზედა ზღვრის გაზრდაა.

სავალუტო ფონდის დირექტორი ქრისტინ ლაგარდი ამბობს:

„მთავრობის დახურვა ძალზე ცუდი მოვლენაა, მაგრამ თუ კონგრესმა ვალის ზღვრის გაზრდა არ დაამტკიცა, ეს არა მარტო ამერიკას , არამედ გლობალურ ეკონომიკასაც უდიდეს ზიანს მიაყენებს.“

შეერთებული შტატების ვალი 16 ტრილიონ 7 მილიარდ დოლარს აღწევს. როგორც ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, თუ ვალის ზღვრის ლიმიტი არ გაიზარდა, 17ოქტომბერს ამერიკის მთავრობას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ფული აღარ ექნება.

მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ინვესტორებს ამერიკის ეკონომიკის მიმართ ნდობა დაეკარგებათ, დოლარის ფასი დაეცემა, სესხის საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება და უმუშევრობა კატასტროფულად მოიმატებს.

ტონი კრესენზი კომპანია პიმკოს საინვესტიციო მენეჯერია:

„დეფოლტი სერიოზული პრობლემაა. ამის ალბათობას კი ვაშინგტონში ერთმანეთის მიმართ გაჩენილი დაპირისპირება და უთანხმოება ქმნის.“

ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ. ვოლ სტრიტის ფინანსურ ბაზარზე აქციების ვარდნა დაფიქსირდა. დღეს შრომის დეპარტამენტმა ყოველთვიური დასაქმების ანგარიშის გამოქვეყნებაზეც უარი განაცხადა.


მთავრობის დახურვის ფინანსურ ზეგავლენაზე საუბრისას ფირმა "ქორვისის" ფინანსური კომუნიკაციების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამერიკელებმა მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი არ უნდა დაკარგონ. თუმცა ყოველდღიური გაურკვევლობა შეერთებული შტატების ბიზნესს ძვირი უჯდება, ეს კი საცალო მოვაჭრეებსა და მყიდველებზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG