ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ირანის სანქციებს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს


ობამას ადმინისტრაციის ინტენსიური ლობისტური ქმედების შედეგად შესაძლოა სანქციები არ დაწესდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00
ბმული

დემოკრატი სენატორები პატი მიურეი და ელიზაბეთ უორენი ახლახანს შეუერთდნენ იმ სენატორების ჯგუფს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ამჟამად კონგრესში წარდგენილ, ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტს. ვაშინგტონის შტატში, საკუთარი ამომრჩევლებისადმი მიმართულ წერილში მიურეი ამბობს: ირანის ბირთვული პროგრამის მიმართებაში „ადმინისტრაციას საშუალება უნდა მიეცეს აწარმოოს მოლაპარაკება ძლიერი, ყოვლისმომცველი და გადამოწმების შესაძლებლობის მქონე შეთანხმების მისაღწევად“.იმავდროულად მან პირობა დადო, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ის იმუშავებს იმისთვის, რომ „სანქციები სასწრაფოდ ამოქმედდეს“.

მის მსგავსად, უორენის პრესსპიკერი ამბობს, რომ მასაჩუსეტსის სენატორი „მხარს არ უჭერს ახალი კანონის მეშვეობით დამატებითი სანქციების დაწესებას იმ დროს, როცა ხანგრძლივი შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს“.

კანონპროექტს სანქციების შესახებ 16 დემოკრატი თანა-სპონსორი ჰყავს, აქვს თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა რესპუბლიკელთა შორის და ზურგს უმაგრებენ პოლიტიკურად ძლიერი, პრო-ისრაელური ამერიკული ლობისტური ჯგუფები, თუმცა სენატის 11 კომიტეტის თავმჯდომარე, მიურეის ჩათვლით, ამჟამად ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.
ზოგიერთი დემოკრატი, რომელიც გასული წლის ბოლოს ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა, ბოლო კვირების განმავლობაში ნაკლებად აქტიურობს ამ კანონპროექტის სასარგებლოდ. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა გარკვევით არ დადო პირობა, რომ გაიმართება კენჭისყრა ამ კანონპროექტის შესახებ, თუმცა არც ამის შესაძლებლობა გამორიცხა.

ბრუკინგსის ინსტიტუტის კონგრესის საქმეების ექსპერტი უილიამ გალსტონი ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას გავლენა დემოკრატი კანონმდებლების მზარდ რიცხვზე აისახება.

„თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამის თავიდან აცილება. ადმინისტრაციას შინაგანად სჯერა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება წამყვანი ძალაა ამ საკითხზე მოლაპარაკების პროცესში და მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალება.“

ირანის განცხადებით, ნებისმიერი ახალი სანქციები დაარღვევენ გასული წლის დროებით შეთანხმებას ბირთვულ საკითხებზე და გამოიწვევენ მოლაპარაკებების ჩაშლას.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულ ნებიმიერ კანონს სანქციების შესახებ ვეტოს დაადებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელებს აშფოთებს ირანის ბირთვული ზრახვები, მაგრამ არანაირად არ სურთ ომი, რითაც, როგორც გალსტონი ამბობს: ადმინისტრაციას აძლევენ კონგრესთან „სათამაშო კარტს“, იმ დროს, როცა ადმინისტრაცია აგრძელებს მაღალ რისკიანი და კარგი შესაძლო შედეგის მქონე დიპლომატიური ინიციატივის ცხოვრებაში გატარებას. გალსტონი ამასთანავე ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, სანქციებს უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.
XS
SM
MD
LG