ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: "გაიწვიეთ ეს კანონი"


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ "უცხოური აგენტების" კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ მკაცრ შეფასებებს ვხედავთ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რომელთა კრიტიკული ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ მსგავსი კანონის ამოქმედება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას.

ე.წ. აგენტების კანონის გამო შექმნილი კრიზისისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, ბატონო ელჩო. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ამ ეტაპზე საქმე საქართველოში რუსულ კანონში თუ პრორუსულ ხელისუფლებაშია?

საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია.

ასე რომ, არის გაურკვევლობის მომენტი. იმედი მაქვს, მიიღება გადაწყვეტილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო კიდევ ერთხელ გახდება მოწინავე [ქვეყანა] ამ მარათონში, ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ტალღაში მოსახვედრად.

თქვენ ახსენეთ შემდეგი გაფართოება. ეს დისკუსია ბრიუსელში მიდის. როგორია ამის ალბათობა? ვსაუბრობთ მომავალ წლებზე თუ ათწლეულებზე?

არა, მე ვხედავ, რომ ეს მოხდება, ნათლად ჩანს რომ მოხდება. მე თვითონ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის მაისში. ჩვენ აღვნიშნავთ ბოლო დიდი გაფართოების 20 წლისთავს.

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მართლაც დააჩქარა მოვლენები. და შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება. თუ ჩემს პირად აზრს მკითხავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რამდენიმე წლის საქმეა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქნება ამ მომდევნო დიდი გაფართოების ნაწილი და რომ საქართველოს არ მოუწევს დიდი გაფართოების კიდევ ერთი ტალღის ლოდინი, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ 20 წელი დასჭირდეს. ჩვენ ვსაუბრობთ თაობაზე ან თუნდაც თაობებზე.

ევროკავშირის მისიის მიმართ საქართველოში კითხვები გააჩინა იმან, რომ ერთი მხრივ აკეთებთ მკაცრ განცხადებებს, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების გვერდით გხედავთ და აგრძელებთ მუშაობას მათთან ისე, ვითომც არაფერი მომხდარა. იცით, რომ უკმაყოფილება მოჰყვა ევროპის დღის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლენტის გაჭრას. და ამას გარდა, სხვა მიმართულებებითაც, საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს წარმოდგენას უქმნის “ქართულ ოცნებას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ურთიერთობა გაგრძელდება?

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ ამ მოქმედ ხელისუფლებასთან და ასევე ვიმუშავებთ მომავალ მთავრობასთან, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში. მთავრობა არის ჩვენი მთავარი თანამოსაუბრე. საქართველოს ხელისუფლებასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში და, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ვინ მოვა ხელისუფლებაში.

მაგრამ, როცა ერთ დღეს გეძახიან გლობალური ომის პარტიას, მეორე დღეს კი მათ გვერდით გხედავთ, არ ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი შეშფოთება გაითვალისწინოს?

მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაშიყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი.

თუმცა არის ბუნდოვანება, მაგალითად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაში, რომელშიც საუბარია ორივე მხარის ლეგიტიმურ წუხილებზე. ამან ზოგს შეახსენა 2008 წლის ომის დროს ევროკავშირის განცხადებები, როცა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ შარლ მიშელის განცხადებას, შემდეგ თქვენ განცხადებებს და მათ შორის სხვაობაა. რატომაა ეს განსხვავება? თქვენ ამბობთ, რომ გზავნილი ერთიანია. ერთიანია კი?

დიახ. ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის ევროკავშირის ინსტიტუტების ჯგუფი და ასევე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა [სიმუქის] ჩრდილები. თუმცა, საერთო მიმართულება სრულებით ნათელია და არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს გაურკვევლობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს.

მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა.

ჩვენ გვესმის საუბრები და ეს, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მეტი დისკუსია მიდის კულისებში კანონში ცვლილებების შესახებ. ეს გავიგეთ ჯიმ ო'ბრაიენისგან, როდესაც ის აქ სტუმრად იმყოფებოდა. თქვენ არ გილაპარაკიათ ამაზე. რას ნიშნავს ეს? ეს ძალიან დამაბნეველია მოსახლეობისთვის. რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ამ კანონში, რამაც შეიძლება ეს კანონი თქვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის მისაღები გახადოს?

მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი, მაგრამ არსებითად ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს. მე ვიცი, რომ ეს არ არის ბოლო ეტაპი, რადგან ახლა კანონი პრეზიდენტის ხელშია. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. მე მესმის, რომ მან შესაძლოა ალტერნატიული წინადადებაც შემოიტანოს. კიდევ 11 დღე უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა, რა გამოვა. ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, თავისი მოსაზრების გაზიარება. ეს მოსაზრება უახლოეს დღეებში იქნება გამოქვეყნებული.

ვნახავთ, რა მოხდება. მე ასევე მესმის, რომ მმართველ უმრავლესობას აქვს შესაძლებლობა, არ მისცეს ხმა, ამ კანონს და არ აამოქმედოს ის. ასე რომ, არსებობს [მოვლენათა განვითარების] რამდენიმე ვარიანტი. და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, არა მხოლოდ იმიტომ, რასაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები ვფიქრობთ ამ კანონზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის გამო და, მოგეხსენებათ, ათასობით, ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად აპროტესტებს კანონს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაბიჯი გადადგა აქამდე, რაც მიუთითებს, რომ ისინი ამ კანონს აამოქმედებენ თქვენ კვლავ იმედი გაქვთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს? და თუ არა, მაშინ რა ხდება?

აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენი კითხვის პირველ ნაწილს. ჩვენ ვართ საქართველოს კეთილის მსურველები და საქართველო ათწლეულების მანძილზე აკაკუნებს ევროკავშირის კარზე. ეს კარები დაკეტილი იყო. ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ, როცა საქმე გაფართოების საკითხს ეხებოდა და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას. საქართველო ამ გზაზე ყოველთვის ლიდერობდა. მაშინ კარები დაკეტილი იყო. ახლა კარები საბოლოოდ გაიღო და ეს არის სასწაული. რატომ მოხდა ეს? უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გამო. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ტანჯვის გამო. საბოლოოდ, 27 წევრი ქვეყანა დათანხმდა, რომ დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას. დიახ, ჩვენ ვუხსნით კარებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.

და რა ხდება [საქართველოში]? - ვხედავთ ყოყმანს, ეჭვებს, ფეხის ათრევას. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია. დიახ, მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ გავხსენით ჩვენი კარები და გადავდივარ თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე: ვიმედოვნებთ, რომ არ გადავალთ ფორმულიდან - მეტი შედეგი მეტი ძალისხმევისთვის, ნაკლები შედეგი ნაკლებისთვის - ფორმულაზე, რადგან ეს საშინელ გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე.

და ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალო ხალხი, უბრალო ქართველს მოუწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების საფასურის გადახდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, არ დავუშვა, რომ ეს მოხდეს. ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენო ყოველი შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს, რათა არ გადავიდეთ მოვლენების ამ უარყოფით სპირალში, რომელიც რიგით ქართველს ძვირი დაუჯდება.

და თუ ეს არ მოხდა? მე ვიმეორებ კითხვას. მესმის, რომ თქვენ ამბობთ, რომ საფასური იქნება ინტეგრაციის პროცესის გაყინვა, მაგრამ სანქციებს განიხილავთ? არის თუ არა განხილვები რაიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს? შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ზოგიერთ პირს სანქცია დაუწესა, თუმცა თქვენგან ეს არ გვინახავს. მუშაობთ ამ საკითხზე ამერიკელ პარტნიორებთან და მსჯელობთ სანქციებზე?

ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან და ერთნაირად მოაზროვნე პარტნიორთან, ძალიან მჭიდროა. თუმცა, თქვენ არ უნდა შეადაროთ ევროკავშირი შეერთებულ შტატებს. ევროკავშირი არის 27 წევრი სახელმწიფოს მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ამერიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესები სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ერთ პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა.

სანქციებზე გკითხეთ.

როგორც ვიცი, ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს დადგეს დღის წესრიგში, თუმცა არ არის ამ მომენტში.

28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა
28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის არის ის, რომ ჩვენი სანქციები მიიღება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთხმად. ასე რომ, იმისთვის, რომ ჩვენ დავთანხმდეთ ვინმეზე სანქციების დაწესება და ჩვენს შემთხვევაში, საუბარია აქტივების გაყინვაზე, საჭიროა 27-ივე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება.

ვიხილეთ ძალადობა ამ კვირების განმავლობაში სხვადასხვა პირების მიმართ და ასევე დაკავების შემთხვევები, ჯგუფებისა და პირების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობასთან არიან კავშირში. კანონის გაწვევის შემთხვევაშიც კი, რას ამბობს ეს დემოკრატიის კუთხით ვითარებაზე საქართველოში?

ძალადობა, მუქარა, დაშინება - ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიულს უწოდებს. და მითუმეტეს აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ქვეყნისთვის, რომელსაც სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ.

ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას.

და რა თქმა უნდა, გამოიძიოს ძალადობის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევები.

თუმცა არანაირი გამოძიება არ გვინახავს.

იმედია ვიხილავთ.

კარგით, რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვედით აქამდე საქართველოში. ევრი რამ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იქნება ეს ძალადობასთან დაკავშირებით, თუ დეზინფორმაციული კამპანიის კუთხით, ჩვენ წლების განმავლობაში აქამდეც გვინახავს. გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, არამარტო ეს კანონი ვიხილეთ, არამედ, მოგეხსენებათ, ხელისუფლების ზოგიერთი წევრისა და სხვა ჯგუფის განცხადებები გვესმოდა თქვენს წინააღმდეგ, რომ გსურთ საქართველოს ჩათრევა ომში, რომ თქვენ ხართ გლობალური ომის პარტია და ვხედავდით, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობდა, რომ მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ მეორე მხრივ ხელს უწყობდა ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას საქართველოში. და ამაზე ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია საუბრობს. ყველა ამ ქმედების და რიტორიკის გათვალისწინებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გარკვეულწილად ხომ არ გაუჩინა საქართველოს ხელისუფლებადაუსჯელობის განცდა, რადგან თქვენ დააჯილდოვეთ ცუდი საქციელი.

კანდიდატის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიგვინიჭებია. კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს. ხელისუფლებები იცვლება - ეს არის ყველა დემოკრატიისთვის თავისთავადი [პროცესი], კანდიდატის სტატუსი კი რჩება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, რათა გადაგვედგა ნაბიჯი წინ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ. ევროპის საბჭომ გააკეთა შეფასება და გასცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ევროკომისიის გასული წლის შეფასებით, საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ უფრო მეტს ვისურვებდით, მაგრამ გადაწვყეტილება იქნა მიღებული, რომ გასულ წელს მიღწეული პროგრესი იყო საკმარისი, რათა ევროკომისიას და 27 წევრ ქვეყანას გაეცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

თქვენ მეკითხებით ანტიდასავლურ სენტიმენტსა და რიტორიკაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად. საქართველოს მიეცა გზამკვლევი, კომპასი: რა არის საჭირო იმისთვის, რომ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ამ გზამკვლევს ცხრა რეკომენდაციად მოვიაზრებთ. ცხრა რეკომენდაცია მხოლოდ ერთი ფურცელია. პირველი რეკომენდაცია დასავლეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას შეეხება.

გაქვთ მოლოდინი, რომ თავად ამ რიტორიკის ავტორები, გაიღებენ ძალისხმევას მის შესაჩერებლად? რამდენად რეალისტურია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად არის მსგავსი რიტორიკის ავტორი მთელი ამ წლების განმავლობაში, შეწყვეტს მას? ხედავთ ამის რესურსს ამ ხელისუფლების პირობებში?

დიახ, რასაკვირველია. ამასთან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კონტექსტი. ბოლო ორი წელია ჩვენ ევროპაში მასშტაბური ომის მომსწრენი ვართ. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიდი ქვეყანა თავს დაესხა ბევრად პატარა ქვეყანას თავისივე სამეზობლოში. რუსული იმპერიალიზმი არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინაში არ მიმდინარეობს.

მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ომზეა ფოკუსირებული, მათ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი, რომ ჩაერიონ სხვა ქვეყნებშიც. მომდევნო თვეში ევროკავშირში არჩევნებია და ჩვენ უკვე ვხედავთ შემთხვევებს, თუ როგორ ცდილობს, რუსეთი ჰიბრიდული ომის ფარგლებში, მასზე გავლენის მოხდენას.

ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი იმავეს ცდილობს საქართველოშიც. ჩვენ საქართველოს არაერთ ხელისუფლებასთან გვიმუშავია, რათა გაგვეძლიერებინა ქვეყნის რეზისტენტულობა. ჩვენ უამრავი ფული დავხარჯეთ ამაში. თუმცა ისინი მაინც ახერხებენ გავლენის მოხდენას და დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ანტიდასავლური სენტიმენტებისა და ნარატივების, უცნაურ შეთქმულებათა თეორიების დიდ ნაწილს. თქვენ შეეხეთ ყველაზე აღმაშფოთებელ მაგალითებს, როგორიცაა საქართველოს იძულება, გახსნას მეორე ფრონტი. ეს იმდენად აბსურდია, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. თუმცა, დიახ, ჩვენ ვხედავთ ამას. აქედან რა ნაწილია ენდემური და რა ნაწილია გარედან ინსპირირებული, რთული სათქმელია, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება, თუკი ის სერიოზულად განიზრახავს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლას, შეეცდება მათ შეკავებასა და შეზღუდვას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუმცა, კითხვაც სწორედ ამას შეეხება. ქართულ გამოთქმას რომ დავესესხო, მგლის თავზე სახარების კითხვა ხომ არ გამოგდით? არის თუ არა თქვენი მოლოდინი რეალისტური იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თავად დგას ამ რიტორიკის უკან? უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, ამ რიტორიკას იყენებენ. ხედავთ ამის გამოსწორების შანსებს?

თქვენ ისევ თავდაპირველ შეკითხვას უბრუნდებით. გავიმეორებ, ჩვენ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდით, ამ ხელისუფლების ჩათვლით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ხელისუფლებასთან, რომელიც დემოკრატიული გზით მოიპოვებს მანდატს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ისინი ჩვენი თანამოსაუბრეები არიან. ჩვენ მოგვწონს რაღაცები, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს.

არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს ამ ხელისუფლებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვაგრძობთ გახსნილობას და მცდელობას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება.

რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო დახმარებას, ამ კანონით, ექმნება თუ არა მას საფრთხე?

უკვე გიპასუხეთ, რომ ჩვენ არ გვსურს ნაკლები ძალისხმევისთვის ნაკლები თანამშრომლობის სცენარი. დიახ, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ორივე მხარეს, ამ ეტაპისთვის რომ მიგვეღწია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან ნაკლები თანამშრომლობისკენ სვლა იქნება კატასტროფის ტოლფასი. პირველ რიგში, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

თუმცა, თუ ამას მეკითხებით, ცხადია, ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას მოჰყვება შედეგები. ცხადია, შედეგები მოჰყვება. ამას დრო დასჭირდება, გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად ევროკომისია მიიღებს. დანარჩენ ზომებს წევრი სახელმწიფოების თანხმობა დასჭირდება. მათგან ნაწილს კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, ნაწილს კი ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი.

ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე და იმედს ვიტოვებ, რომ არც მივალთ აქამდე.

მე კვლავ პირველ შეკითხვას მსურს დავუბრუნდე, საქმე გვაქვს რუსულ კანონთან თუ რუსულ რეჟიმთან, რადგან ჩვენ მიმოვიხილეთ რიტორიკა, ძალადობა, ხელისუფლების სხვა ნაბიჯები ანტიდასავლური სენტიმენტის კულტივირების მიმართულებით, სხვადასხვა ჯგუფებისა და სატელიტების გამოყენებით. ამ კანონის არარსებობის პირობებში, არის თუ არა ეს ხელისუფლება პროევროპული და არის თუ არა მისი ქმედებები ევროპის იდეის შესაბამისი?

ჩვენ ვსაუბრობთ ამ სამწუხარო კანონზე, თუმცა ის მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა მოითხოვს სერიოზულ მუშაობას, მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ცხრა რეკომენდაციის სახით არის წარმოდგენილი. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ამ გზის შუაში ვიმყოფებით, გასული წლის დეკემბრიდან ამ წლის დეკემბრამდე შუალედში. ახლა მაისია, შესაბამისად, დროის ნახევარი გასულია. ჩვენი შეფასებით, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გასაცემად.

მაგრამ, დრო კიდევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი გზა გავლილია, დრო მაინც რჩება. თუკი იარსებებს ნება, იარსებებს შანსიც. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ პროცესს და მივაღწიოთ იმგვარ პროგრესს, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს.

ევროკომისიის ერთერთი მოთხოვნა საქართველოს დეოლიგარქიზაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილის მიერ კულისებიდან მართულად ფართოდ მიიჩნევა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა 90-იან წლებში, რამდენად შესაძლებელია, რომ ოლიგარქის მიერ მართულმა ხელისუფლებამ საკუთარი თავის დეოლიგარქიზაცია შეძლოს? ამის შესაძლებლობას ხედავთ? ამ შეკითხვას ვუბრუნდები, თუმცა მნიშვნელოვანი შეკითხვაა.

თავისუფლად შეგიძლიათ, ნებისმიერი შეკითხვა დამისვათ. ჩვენი ხედვით, დეოლიგარქიზაცია რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ შეეხება. დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმგვარი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, იყოს სრულად დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა გარანტირებულია, მდიდარი ოლიგარქების გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე კი მნიშვნელოვნად შეზღუდული.

ეს ნიშნავს გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც გამორიცხავს კორუფციას მაღალ დონეზე. ეს არის სისტემა შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური მექანიზმებით, რომელიც, არსებითად, წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც თქვენ აღწერდით. გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქის მიერ მართულ ხელისუფლებას თხოვთ ამის გაკეთებას. არსებობს კი ამის შანსი?

დეოლიგარქიზაცია იყო გასული წლის 12 რეკომენდაციიდან ერთერთი და ხელისუფლებამ შეიმუშავა საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, რათა იარსებობს საკანონმდებლო ჩარჩომ და შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმებმა.

თუმცა, კანონმდებლობა შესაძლოა ფურცელზე დარჩეს, რეალურად კი არაფერი შეიცვალოს.

ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში სიმართლეა, დიახ.

ხშირად ჩვენ გვესმის კრიტიკა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები მხოლოდ პროცესში მონაწილეობენ, რეალური შედეგების მიღწევის ნაცვლად.

მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატური პროცესის წარმოებაში, თუმცა, მსურს ხმამაღლა და გარკვევით აღვნიშნო, რომ ევროკავშირის გაფართოება დამსახურებათა შეფასებას ეფუძნება.

ჩვენ უკვე დავიწყეთ გაფართოების ანგარიშის შედგენა საქართველოსთვის, იგივენაირი ანგარიში შედგება სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის. ევროკომისია დაასრულებს ანგარიშის შედგენას ოქტომბერში და ის დაეფუძნება რეალურ შედეგებს.

ჩვენ შევეხეთ ივანიშვილს, გაქვთ თუ არა მასთან კომუნიკაცია? მას თუ შეხვედრიხართ?

არა, ივანიშვილს ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

ბევრი რთული კითხვა დამისვით. ვფიქრობ, ქართველები გზაჯვარედინზე იმყოფებიან, სადაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ, განვითარების რომელ კურსს აირჩევენ და როგორი მომავალი სურთ მათთვის და მათი შვილებისთვის. მე მოხარული ვარ, რადგან საბოლოოდ, მრავალწლიანი, საკმაოდ რთული დისკუსიის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მყისიერი უნდა იყოს.

მიხარია, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ ხელი შეგიწყოთ ამ გზაზე, თქვენი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რადგან ჩვენ ღრმად გვწამს მრავალფეროვნების. ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა, თუმცა საქართველოს გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის ღია კარში. კარი ღიაა, თუმცა თქვენ მასში უნდა შეხვიდეთ.

ამ მიზნისთვის, თქვენ გჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ნორმებსა და წესებს. კიდევ ერთხელ, თავად საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ კლუბის წევრობა სურს. ამ კლუბს გარკვეული წესები აქვს და მათი გათვალისწინება სჭირდება. როდესაც ხალხის სახეებს ვხედავ, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, მათგან უამრავი ახალგაზრდაა, მომდევნო წლების განმავლობაში გახდებიან ევროკავშირის მოქალაქეები და ამ ოცნების ასახდენად კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში არ მოუწევთ მოცდა.

იქიდან გამომდინარე, რომ თავად პოლონელი ვარ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობა იყო უდიდესი ოცნების ახდენა. ქვეყანა მნიშნველოვნად წინ წავიდა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ევროპელი და ვარ პოლონელი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იგივე ელოდებათ ქართველებსაც. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან.

ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

XS
SM
MD
LG