ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქვეითი ჯარი უკრაინის ქალაქ ვოვაჩანსკში შევიდა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა საგარეო ვიზიტი გადადო, რადგან ოთხშაბათს, ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდა. კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ქვეითი ჯარი ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ ვოვაჩანსკში შევიდა.

საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქის აღება, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება მას შემდეგ, რაც მან პარასკევს, ხარკივის რეგიონში შეჭრა დაიწყო, ახალი ფრონტი გახსნა და კიევს სწრაფი გამაგრება აიძულა.

პრეზიდენტი ზელენსკი, უახლოეს კვირებში რუსეთის დიდ შეტევას არ გამორიცხავს.

"სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მტერი პოზიციებს იკავებს ქალაქ ვოვჩანსკის ქუჩებში", - თქვა ოლექსი ხარკივსკიმ, ვოვჩანსკის საპატრულო პოლიციის უფროსმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე.

უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკივის რეგიონის ორ რაიონში, მათ შორის ვოვჩანსკის რაიონში, „უფრო ხელსაყრელი“ პოზიციებისკენ უკან დაიხიეს, განაცხადეს უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს ღამით. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება "მტრის ცეცხლისა და შტურმის შედეგად" მიიღეს და მიზნად დანაკარგების თავიდან აცილებას ისახავდა.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დმიტრო ლაზუტკინმა თქვა, რომ "ზოგიერთი" რუსული ქვეითი ჯგუფი შევიდა ქალაქში, რომელიც სამხედრო ანალიტიკოსების აზრით მოსკოვს უნდა დაიპყროს, რათა, ამ მიმართულებით, შეტევითი იერიში განაგრძოს.

სწორედ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემდეგ გადადო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველა საგარეო ვიზიტი.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ინსტრუქციაა, გადაიდოს უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ღონისძიება და შეთანხმდეს ახალი თარიღები“, - განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა, სერგიი ნიკიფოროვმა.

XS
SM
MD
LG