ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ სენატორ მენენდესის კორუფციის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება


სამშაბათს, ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის წინააღმდეგ დაწყებულ კორუფციის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გაგრძელდება. საქმე, პროკურორების თანახმად, ეხება ერთწლიან მექრთამეობის სქემას, რომელიც უცხოეთის მთავრობების დახმარებას, კრიმინალური საქმეებისთვის ხელის შეშლას და პირად გამდიდრებას ეხება.

ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატმა უფროსმა სენატორმა, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 16 კრიმინალურ ბრალდებაზე თავი უდანაშაულოდ ცნო.

მენენდესთან ერთად, ბრალი ნიუ-ჯერსელ ორ ბიზნესმენსაც აქვს წაყენებული. მეოთხე ბრალდებული მენენდესის ცოლი ნადინია, რომლის საქმის მოსმენაც სავარაუდოდ ცალკე შედგება. ყველა ზემოთ აღნიშნულმა ბრალდებულმაც თავი უდანაშაულოდ ცნო.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ორშაბათს დაიწყო და შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლე სიდნი სტაინმა პოტენციურ მსაჯულებს უთხრა, რომ სასამართლო სხდომები შესაძლოა ივნისის განმავლობაში გაგრძელდეს. მსაჯულობის რამდენიმე ათეული კანდიდატი უკვე დაითხოვეს.

მენენდესმა, რომელიც 2006 წლიდან სენატორია, მიანიშნა რომ გამართლების შემთხვევაში შეეცდება სენატში მეოთხე ვადისთვის კენჭი იყაროს.

თუმცა ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნიუ-ჯერსის ამომრჩევლებში ის უაღრესად არაპოპულარულია და მისი კვლავ არჩევა ნაკლებად სავარაუდოა.

პროკურორები კანონმდებელს ბრალს სდებენ, რომ მენენდესმა აიღო ასობით ათასი დოლარი ნაღდი ფული და ოქროს ზოდები, ასევე კაბრიოლეტი „მერსედესი“ იმის სანაცვლოდ, რომ თავისი პოლიტიკური გავლენა, ეგვიპტის და ყატარის მთავრობების დასახმარებლად გამოეყენებინა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა, რომლებმაც 2022 წლის ივნისში მენენდესის სახლი გაჩხრიკეს, ნაღდი ფულის უმეტესი ნაწილი ტანსაცმელში, კარადებში და სეიფში დამალული აღმოაჩინეს.

ამჟამად სენატორის ადვოკატები ელოდებიან მოსამართლის განჩინებას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა ფსიქიატრის ჩვენების მიღება იმის თაობაზე, რომ მენენდესი „დეფიციტის შიშის“ გამო ნაღდ ფულს ჩვეულებრივ სახლში ინახავდა. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ეს იყო რეაქცია კუბის მთავრობის მიერ მისი ოჯახის ქონების ჩამორთმევაზე, რაც მის დაბადებამდე და მამამისის თვითმკვლელობის შემდეგ მოხდა, როდესაც მენენდესმა აზარტულ თამაშებში დაგროვილი ვალების გადახდა შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG