ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ახალ დახმარებას ითვალისწინებს. მიმომხილველთა შეფასებით, ეს პრეზიდენტ ბაიდენისთვის, რომელიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძვის, იშვიათი ორპარტიული გამარჯვებაა.

„ეს [კანონპროექტი] სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას გაუწევს ამერიკის პარტნიორებს იმისთვის, რომ შეძლონ, თავიანთი სუვერენიტეტი საფრთხეებისგან დაიცვან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის ნაკადის გაგზავნა უახლოეს საათებში დაიწყება.

ხელმოწერილი კანონი მოიცავს $61 მილიარდის ოდენობის დახმარებას უკრაინისთვის და $26 მილიარდს ისრაელისთვის. ასევე, $1 მილიარდი, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განკუთვნილი, $8 მილიარდი კი ჩინეთის სამხრედრო ძალების საწინააღმდეგო ძალისხმევისთვის.

პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის კიდევ ერთი ვადით დასაკავებლად, ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, ექვსი თვის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა კონგრესმენები, უკრაინისთვის დამატებითი, გაზრდილი დახმარება დამეტიკცებინათ. უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა გააპროტესტა და წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი, კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობდა.

„ისინი არიან მებრძოლი ძალა, გამარჯვების ნებითა და შესაძლებლობით”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინელ სამხედროებზე.

საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ გასულ უქმეებზე ოთხი კანონპროექტი დაამტკიცა. 23 აპრილს, საღამოს, წარმომადგენელთა პალატის ყოვლისმომცველი კანონპროექტი შეერთებული შტატების სენატმაც დაამტკიცა.

„კონგრესმა დაამტკიცა ჩემი კანონმდებლობა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და გავუგზავნოთ მსოფლიოს ამერიკის მძლავრი ლიდერობის გზავნილი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს, სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ.

დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ცალკე კანონპროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი, ჩინური ტექნოლოგიური ფირმა „ByteDance”, მომდევნო 9 თვიდან ერთ წლამდე ვადაში, „ტიკტოკის“ გაყიდვას ვერ შეძლებს.

XS
SM
MD
LG