ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება გამოიყენა


Georgia Foreign Agent Law
Georgia Foreign Agent Law

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ.

როგორც “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ამბობს ადგილიდან, სითხეს, რომელიც სპეცრაზმმმა გამოიყენა, აქვს სპეციფიური სუნი. კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი სითხით არის დასვრილი.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან".

"იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

პარლამენტის 16 აპრილის სხდომაზე დღის 12:00 საათიდან განიხილავდნენ "აგენტების კანონს". 21:00 საათზე სხდომა დაიხურა და კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა 17 აპრილს, ისევ 12:00 საათზე გაგრძელდება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კანონპროექტის მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG