ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ბანკის მმართველი სანქციების დარღვევის ბრალდებას უარყოფს


რუსეთის სიდიდით მეორე ბანკ VTB-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა უარყო შეერთებული შტატების ბრალდება, რომ მან უკანონოდ აარიდა თავი სანქციებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და ამერიკულ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნას „უსაფუძვლო“ უწოდა.

22 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა კოსტინს და შეერთებულ შტატებში ბაზირებულ ორ თანამშრომელს ბრალი სანქციების დარღვევაში წაუყენა. ბრალდება იმ აღმასრულებელი ქმედებების წყების ნაწილია, რომელიც უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი სასამართლო დასკვნის თანახმად, კოსტინს, რომელიც შეერთებული შტატების მიერ 2018 წელს იყო სანქცირებული, ბრალად ედება ფულის გათეთრება და სანქციების დარღვევა თავისი 135 მილიონი დოლარის ღირებულების ორი იახტის და კოლორადოს შტატის საკურორტო ქალაქ ასპენში სახლის ტექნიკური მომსახურების მეშვეობით.

„არასდროს დამირღვევია არცერთი, მათ შორის, ამერიკული კანონმდებლობა და სანქციებისთვის გვერდი არ ამივლია. ჩემს ყველა პარტნიორს დაჟინებით მოვუწოდებ არ ეძებონ ან არ გამოიყენონ რაიმე ხერხი გვერდის ასავლელად, არამედ აშენონ ახალი, პოლიტიკური ელიტის და ამერიკული სამხედრო ლობის წნეხისგან თავისუფალი სამყარო“, უთხრა კოსტინმა რუსულ მედიას.

კოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ VTB ბანკმა სანქციებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე დაიყვანა.

XS
SM
MD
LG