ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი: “უკრაინა არ დანებდება, არ დავნებდებით ჩვენც”


ოთხშაბათს ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის დახმარების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“როდესაც უკრაინა გადარჩენისათვის იბრძვის, მის გვერდში დგომა ერთადერთი არჩევანია. უკრაინა არ დანებდება. არ დავნებდებით ჩვენც", - განაცხადა ოსტინმა. ის შეხვედრას ონლაინ ჩაერთო. თავდაპირველად, ოსტინი ბრუსელში გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი შინ დარჩენა გახდა საჭირო. არაქირურგიული პროცედურის გამო, ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, საიდანაც სამშაბათს გაწერეს. “თავს კარგად ვგრძნობ. ჩემ სიმსივნესთან დაკავშირებული პროგნოზი შესანიშნავია,” - თქვა ოსტინმა და ევროპელ კოლეგებს მათთან არყოფნის გამო ბოდიში მოუხადა.

უკრაინის "თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი" 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის ამოცანა უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციაა. მაგრამ კვლავ უცნობია, როდის განახლდება უკრაინის ყველაზე დიდი დონორის - ამერიკის მხრიდან დახმარება.

შეკითხვაზე, თუ რა იყო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის გზავნილი, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება, სანამ საჭიროა, მაგრამ დახმარების განახლებას კონგრესის ნებართვა სჭირდება. უკრაინისათვის განკუთვნილი ფინანსები დეკემბრის ბოლოს ამოიწურა.

ორშაბათს გვიან ღამით ამერიკის სენატმა ისრაელის, ტაივანისა და უკრაინისათვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აქედან, 60 მილიარდზე მეტი უკრაინისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

უკრაინა საჰაერო თავდაცვის საშუალებებს ითხოვს, რადგან რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას არ წყვეტს. ხუთშაბათს ბრუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეიკრიბებიან. უკრაინის დახმარება უმთავრესი საკითხი იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები განაგრძობენ იარაღის, აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის მიწოდებას და რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს. “ჩვენი მხარდაჭერით, მამაცმა უკრაინელებმა დაიბრუნეს იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა მიიტაცა, გაჭრეს დერეფანი შავ ზღვაში და რუსეთის ძალებს მძიმედ ურტყამენ,” თქვა სტოლტენბერგმა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG