ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დახმარების ბედი წარმომადგენელთა პალატის ხელშია


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, პიტ სეშენსი საუბრობს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე.

იქამდე 70 ხმით 29-ის წინააღმდეგ ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტს კანონად იქცეს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს.

ამ დროისთვის უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები კანონპროექტს.

„კონგრესმა, პალატამ და სენატმა ერთად უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა კონგრესმენმა. „მთავარი ნამდვილად არის უკრაინა, მათ სჭირდებათ დახმარება არტილერიითა და შეიარაღებით, რომლის მიწოდებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია“, - თქვა მან.

კონგრესმენმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში თავი აარიდა შეკითხვაზე პასუხს, გაიტანს თუ არა სენატში მიღებულ კანონპროექტს, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყარელად პალატის სპიკერი, თუმცა აღნიშნა, რომ ფიქრობს, წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს მალე მიიღებს. „ჩვენ კომპრომისზე უნდა წავიდეთ. რესპუბლიკელებმა ეს ასე უნდა დაინახონ და გადაწყვეტილება მიიღონ. და იმედი მაქვს, რომ ასეც მოვიქცევით“, - თქვა მან.

უკრაინასთან ერთად, დახმარების კანონპროექტი მოიცავს ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარებასაც. ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის მოსახლეობისა და უკრაინელებისთვის. ახლა კანონპროექტის ბედი წარმომადგენელთა პალატის ხელშია, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

"ამერიკული დახმარება აახლოებს უკრაინას მშვიდობასთან და მსოფლიოს სტაბილურობის აღდგენასთან, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელ "ექსში" სენატის ნაბიჯის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მოუწოდებს თავის თანაპარტიელებს, რომ არ წავიდნენ დემოკრატებთან დათმობებზე და მნიშვნელოვანი საიმიგრაციო ცვლილებების გარეშე, არ დათანხმდნენ უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.

გასულ კვირას, სენატმა არ დაამტკიცა 118 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც მოიცავდა როგორც უკრაინის, ტაივანისა და ისრაელის დახმარებას, ისე - საიმიგრაციო ცვლილებებისა და ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკეთ დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას. თუმცა, რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამ კანონპროექტისთვის კენჭისყრაზე, რის გამოც, დემოკრატებმა სამი ქვეყნის სამხედრო დახმარების და ჰუმანიტარული დაფინანსების პაკეტი, ცალკე კანონპროექტად წარადგინეს და დაამტკიცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG