ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ესტონეთის პრემიერი და ბალტიისპირეთის ბევრი ოფიციალური პირი ძებნილთა სიაში შეიყვანა


მოსკოვმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის ძებნილთა სიაში შეიყვანა. ეს პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ოფიციალურ სიაში მოხვდა. მას ბრალად "საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტების განადგურება" ედება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ამ სიაში კაია კალასის, ასევე ესტონეთის სახელმწიფო მდივნის, ტაიმარ პეტერკოფის, ლიეტუვის კულტურის მინისტრ სიმონას კაირისის და ლატვიის წინა მოწვევის პარლამენტის 100 წევრიდან 60 პარლამენტარის ამ სიაში ყოფნას, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის გახდნენ ისინი მოსკოვის მიერ ძებნილები.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კაია კალასი ამ სიაში "ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფისთვის" მოხვდა.

"კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ჩემი და სხვების გასაჩუმებლად გამოდგება, მაგრამ ეს ასე არაა", - დაწერა კაია კალასმა პლატფორმა "X"-ზე. "მე განვაგრძობ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. კვლავ ვიდგები უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერად", - თქვა მან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი კიევის მთავარ მხარდამჭერთა შორის არიან. ქვეყნებში საბჭოთა ეპოქის არაერთი მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია საბჭოთა კავშირმა 1940-იან წლებში მოახდინა და ისინი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საბჭოთა კავშირის მმართველობაში იყვნენ. სამივე ეს ქვეყანა ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრია და უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG