ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას"


„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში [ყოფილი "ტვიტერი"] ე.წ. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „შეთანხმების" დე ფაქტო პარლამენტში რატიფიკაციის თაობაზე.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

კერძოდ, ამოქმედდა კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ.

„მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: „საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი“. სამინისტროს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - აცხადებს დიპლომატიური უწყება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე დამტკიცდა "კონსტიტუციური კანონი" „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების განხორციელების ღონისძიებების დამტკიცებისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“.

მასში ნათქვამია, რომ კანონი „კრძალავს დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო აკვატორიის, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მესამე პირზე გადაცემას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე მომავალში იმ ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. აკრძალვა მოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც".

კანონის თანახმად, მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გამოიწვევს „რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, მის დენონსაციას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას“.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის მიხედვით, „უცხო სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება აფხაზეთის რესპუბლიკის რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების, ამ კოდექსისა და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად“.

ცვლილებები შევიდა ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონშიც“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ ნორმებს ადგენს, მაშინ უპირატესობა ენიჭება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღვრულ ნორმებს“; „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება ზიანს აყენებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს“.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG