ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სამხრეთიდან პალესტინელები თავს რაფას აფარებენ


გაერო აცხადებს, რომ ისრაელის დაბომბვისგან თავის დასაცავად, ღაზიდან დევნილი ათობით ათასი პალესტინელი თავს რაფას აფარებს. გაეროს ჰუმანიტარული ოფისის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დევნილებს რთულ პირობებში უწევთ ყოფნა და კარვების ნაკლებობაა. მათ ღაზა ისრაელის სამხედროების მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანების შემდეგ დატოვეს, რომელიც ღაზის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისს ეხებოდა. მანამდე, ასობით ათასმა პალესტინელმა უკვე დატოვა ჩრდილოეთ ღაზა და სამხრეთში წავიდა.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის შემდეგ გამოუცხადა და მიზნად მისი სრული განადგურება დაისახა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის კონკრეტული არეალის დაბომბვამდე, სამოქალაქო პირებს წინასწარ აფრთხილებს სატელეფონო გზავნილებით, ონლაინ განცხადებებით და ბუკლეტებით.

გაერო აცხადებს, რომ ღაზის 2,3 მილიონი მოსახლის დაახლოებით 80%-მა საკუთარი სახლი დატოვა. ზოგიერთ მათგანს კი გადაადგილება რამდენჯერმე მოუწია.

გაეროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტიდან ღაზაში გარკვეული დახმარება შევიდა, მისი გადანაწილება სხვადასხვა მიზეზებით ვერ ხერხდება.

7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისას, „ჰამასმა“ 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 240-ზე მეტი კი მძევლად, მის მიერვე კონტროლირებულ ღაზაში წაიყვანა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ გამოცხადებული ომის განმავლობაში, მინიმუმ 16 015 პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG