ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფაშიზმზე გამარჯვების დღედ" 8 მაისის გამოცხადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა


საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ" 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებდა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდა (20 მომხრე, 4 წინააღმდეგი). კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: თეონა აქუბარდია და არმაზ ახვლედიანი.

პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ მოცემულ უქმე დღეების ჩამონათვალში ცვლილებებს გულისხმობდა, რომელიც შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბებულიყო: „8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე“.

კანონპროექტის მომხსენებელი გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. მან ოპოზიცია საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ვეტერანებთან კონსულტაციები არ გაგივლიათ. მით უმეტეს, ერთი წლის წინ თუ დააინიცირეთ ეს კანონპროექტი, რა ედგა წინ ვეტერანებთან კონსულტაციების გავლას. თქვენ იცით, რომ, რა თქმა უნდა, მათი რეაქცია იქნება უარყოფითი. ამის მიუხედავად, რატომ გამოგაქვთ ეს კანონპროექტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. საზოგადოების გახლეჩის ინტერესი ჩანს თქვენს ყველა ნაბიჯში. პირადად თეონა აქუბარდიას არ ვგულისხმობ, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თავიდან ბოლომდე. წლების განმავლობაში გადიოდით 8 აგვისტოს, რომ აღგენიშნათ ომის წლისთავი, 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომის დასრულების იუბილეზე. წლების განმავლობაში, როცა იყავით ხელისუფლებაში, იმის მერეც. ახლა რამე შეიცვალა? მაშინ იყავით რუსეთუმეები, მაშინ ევროკავშირი არ არსებობდა თუ რა იყო? რატომ? იმიტომ, რომ გინდათ გახლიჩოთ საზოგადოება, ამას სხვა ახსნა არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის განსახილველად გამოტანამდე, საჭირო იყო კონსულტაციების გავლა მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მისი აზრით, საშემოდგომო სესიის პირველ დღეს მოქალაქეები სხვა, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მოელოდნენ.

„კანონპროექტი, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, იმისთვის, რომ გახდეს კანონი, სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ხომ არ სჯობდა, რომ კონსულტაცია გაგევლოთ, შეჯერებულად გამოსულიყავით. თუ არ არის მხარდაჭერა, დღეს ვხდით სადავოდ ერთი შეხედვით უამრავი ადამიანი გვიყურებს ტელეეკრანიდან და უამრავი პრობლემა აქვს ამ ხალხს, რომელზეც პირველ ნაწილში იყო საუბარი. ახლა დარჩება აღქმა, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს იმიტომ ვედავებით - 8-ში იყოს თუ 9-ში? ეს გარწმუნებთ, მათ ცნობიერებაში სხვანაირად იქნება აღქმული (და სწორიც იქნება). მე ვიცი, რომ კეთილი მიზნები გაქვთ, ეს მიგაჩნიათ უფრო სწორად, მაგრამ სჯობდა უფრო რაღაცნაირად ისე მოგვეხერხებინა.... დღეს საშემოდგომო სესია დაიწყო და ადამიანებს აქვთ განცდა, იმედი, რომ პარლამენტში მათ პრობლემებზე საუბრობენ და აგვარებენ", - მიმართა აქუბარდიას კირკიტაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აქუბარდიას მიმართა: „ახლა ვინც მოგვისმენს, ქალბატონო თეონა, იტყვის, მეტი საქმე არ აქვთო და მართალიც იქნება".

თეონა აქუბარდიამ განმარტა, კანონპროექტის წარდგენამდე, რატომ ვერ მოახერხა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან კონსულტაციების გამართვა.

„დავიწყოთ იმით, რომ კანონპროექტი დარეგისტრირებულია შარშან 9 მაისამდე და კომიტეტიდან გამომდინარე... გარდა ამისა, მე ვერ დავიწყებდი ვეტერანებთან სიარულს, იმიტომ კი არა, რომ მეზარება, არამედ არ მაქვს ამ ხალხის მისამართი და არ შემიძლია, ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ოჯახში, საახლობლოში ვეტერანები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არგუმენტი, რომ ვეტერანებს თუ არ დავეკითხეთ, ამ კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს, ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც არის უმრავლესობისგან უარი. მოცემულობაში, აქ არის პოლიტიკური საკითხი და არა ის, რომ ვეტერანებს არ ვაწყენინოთ, - თქვა თეონა აქუბარდიამ და დაამატა, - თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას, მომაწვდის ვეტერანების საკონტაქტოს და იტყვის, რომ შესაძლებელია თუ ვეტერანთა ნახევრისგან მაინც მოვიტან თანხმობას, ამ კანონს ხმას მისცემთ, მე არ მეზარება, ნამდვილად ვივლი".

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, ბოლო წლებია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ ნაცვლად 9 მაისისა საქართველომ ნაციზმზე გამარჯვება აღნიშნოს 8 მაისს, როგორც ამას აღნიშნავს აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა და სხვები.

XS
SM
MD
LG