ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაციამ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ახალი წესი წარადგინა


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დამატებით 3,6 მილიონ დასაქმებულზეც გავრცელდეს. ოთხშაბათს მიღებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო მოცულობითია, ვიდრე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისას მიღებული წესი, რომელიც სასამართლომ გააუქმა.

ამერიკის შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა შემოთავაზებული წესი, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს ზეგანაკვეთური პრემია გადაუხადოს იმ დასაქმებულებს, რომელთა ყოველკვირეული ხელფასი $1059-ზე ნაკლებია, წლიური შემოსავალი კი $55 000-მდეა.

ამჟამინდელი სახელფასო ბარიერი წელიწადში დაახლოებით 35 500 დოლარი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს დაწესდა. დასაქმებულთა უფლებადამცველები და დემოკრატები, ტრამპის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული წესი გავლენას არ მოახდენს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც საათობრივ ანაზღაურებას იღებენ.

შრომის დეპარტამენტის სახელფასო კანონების აღსრულების ოფისის ხელმძღვანელ ჯესიკა ლუმანის თქმით, ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი წესი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დასაქმებულებმა სამართლიანი კომპენსაცია მიიღონ.

”ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბევრ დაბალანაზღაურებად დასაქმებულს უარი ეთქვა ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად მუშაობენ დათქმულზე მეტი საათის განმავლობაში და ასრულებენ იმავე სამუშაოს, როგორც საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი მათი კოლეგები”, - თქვა ლუმანმა განცხადებაში.

შეერთებული შტატების სახელფასო კანონი დამსაქმებლებს ავალდებულებს, კვალიფიციურ დასაქმებულებს მათი რეგულარული ანაზღაურების ერთნახევარი ოდენობის ზეგანაკვეთური ანაზღაურება გადაუხადონ, როცა ისინი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ. რამდენიმე შტატს, მათ შორის კალიფორნიასა და ნიუ-იორკს, განსაზღვრული აქვს ხელფასის ზღვარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს უფლების დასადგენად, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე არსებული ფედერალური სტანდარტი.

XS
SM
MD
LG