ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IMF-ის დირექტორი: 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის რთული იქნება


მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი მამოძრავებლები - შეერთებული შტატები, ევროპა და ჩინეთი - ყველა ეკონომიკური აქტივობის შენელებას განიცდის, - განაცხადა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ.

ახალი წელი იქნება „უფრო რთული, ვიდრე ეს წელი, რომელსაც ჩვენ უკან მოვიტოვებთ“, - თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა CBS-ის დილის საინფორმაციო გადაცემასთან Face the Nation საუბრისას.

"რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკის - შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ჩინეთის - ეკონომიკური ზრდა ნელდება“, - აღნიშნა მან.

ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა, რაც უკავშირდება რუსეთის ომს უკრაინაში, ინფლაციის ზრდას და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მომატებას, როგორიცაა მაგალითად - აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ ფასების ზრდის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯი.

გეორგიევამ თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა თავიდან აიცილოს აშკარა შემცირება და რეცესია, რაც მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით მესამედს ემუქრება.

ეკონომიკის გლობალური ზრდის მოლოდინი მცირდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

"შეერთებული შტატები ყველაზე გამძლეა - თქვა მან და "მან შეიძლება თავიდან აიცილოს რეცესია. ჩვენ ვხედავთ, რომ დასაქმების ბაზარი საკმაოდ ძლიერი რჩება“, - განაცხადა გეორგიევამ.

მაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, ეს ფაქტი თავისთავადაც რისკს წარმოადგენს, რადგან მან შეიძლება შეაფერხოს ის პროგრესი, რომლის მიღწევაც ფედერალურ რეზერვს სურს - აშშ-ის ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნების კუთხით. ამერიკაში ინფლაციამ გასულ წელს, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობში, უმაღლეს დონეს მიაღწია. მართალია, 2022 წლის ბოლოს, პიკის გადალახვის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ ის დღეს ფედერალური რეზერვის სასურველ ნიშნულზე, 2 პროცენტზე, თითქმის სამჯერ მაღალია.

XS
SM
MD
LG