ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლოს უფლებამოსილების შეკვეცის გამო ისრაელში პროტესტის ტალღა გრძელდება

ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, 24 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, რომელიც სასამართლო რეფორმის ფარგლებში მისი ზოგიერთი უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს. კანონპროექტის წინააღმდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

ქნესეთის სხდომას, რომელზეც კანონპროექტს განიხილავდნენ, რამდენიმე მედია გამოცემა პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ბოლო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მაგრამ კანონის მისაღებად საკმარისი იყო მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა.

კანონით შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლება, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები. კრიტიკოსების აზრით, ხელისუფლების კონტროლის რამდენიმე ეფექტური მექანიზმიდან ერთ-ერთის გაუქმებით, მიღებული ცვლილებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.

რეფორმით გათვალისწინებული სხვა ცვლილებებით, რომლებიც ჯერ არ გასულა კენჭისყრაზე, შეიცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სასამართლო რეფორმით შეთავაზებული კანონები დამოუკიდებელი სასამართლოს გაქრობას გამოიწვევს.

პარლამენტის სხდომის დროს პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია. მასში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, იუწყება გაზეთი "ჰარეცი". პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი.

საპროტესტო აქციებს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისრაელის ბიზნეს ფორუმმა, რომელიც აერთიანებს ქვეყნის 150 უმსხვილესი კომპანიის ლიდერებს, რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვა გამოაცხადა. მასში ჩართულია ასევე ბევრი სხვა კომპანია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი და ბენზინგასამართი სადგური.

ორშაბათს ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა წამოაყენა წინადადება, საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრა ნახევარი წლით გადაედოთ. ინიციატივა დეპუტატებმა უარყვეს. მმართველი კოალიციის ულტრაკონსერვატიული წევრები ითხოვენ კანონპროექტების უცვლელი სახით მიღებას, სხვა შემთხვევაში იმუქრებიან, რომ გავლენ კოალიციიდან, რაც გარდაუვალად გამოიწვევს მეექვსე საპარლამენტო არჩევნებს 4 წელიწადში.

XS
SM
MD
LG