ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ორბანის სამშვიდობო ინიციატივას უარყოფითად გამოეხმაურა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეჰ ნიკოლენკოს განცხადებით, მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დიპლომატიური უწყება ამ განცხადებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მან უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში გააჟღერა.

ნიკოლენკომ თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიევის პოზიცია უცვლელია და ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულად გაყვანის პირობას.

„ცეცხლის შეწყვეტა ამ პირობის შეუსრულებლად სტატუს-კვოს გაყინვას გამოიწვევს. რუსეთს გადაჯგუფების, ძალების მოკრების და აგრესიის ახალი ტალღის დაწყების საშუალებას მისცემს. დადასტურებულია 2014-2022 წლების გამოცდილებით“, - განაცხადა მან.

ნიკოლენკოს სიტყვებით, რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა მოწმობს, რომ ომის გაგრძელების გარდა, მოსკოვი სხვა სცენარს არ განიხილავს.

„ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებდით ვიქტორ ორბანის მტკიცებას, რომ მისთვის რთულია იყოს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში, რომელიც მშვიდობის მომხრეა. ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად უნგრეთის მთავრობის მეთაურს მოვუწოდებთ, ბოლოს და ბოლოს მოქმედება დაიწყოს. მაგალითად, დაგმოს რუსული აგრესია, მოსთხოვოს მოსკოვს ომის შეწყვეტა და რუსული არმიის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, შეუერთდეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ზომებს, არ დაარღვიოს ევროკავშირის ერთიანობა“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. მისი სიტყვებით, „კონტრშეტევა უკრაინელების საქმეა“, მაგრამ „წელიწად-ნახევრიანი ომის გამოცდილების მქონე კაცმა იცის, რომ შემტევი მხარის დანაკარგები სამჯერ აღემატება“ იმისას, ვინც თავს იცავს... ამიტომ აუცილებელია მხარეების დარწმუნება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG