ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მრავალწლიან პრობლემებს შექმნის


კრემლში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მაშინ ეს მრავალწლიან პრობლემებს გამოიწვევს. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს კარგად ესმის ბევრ ევროპულ ქვეყანას, თუმცა ამერიკა ჯერ მსგავს დასკვნამდე ვერ მივიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხუთშაბათს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმა წარადგინა და თქვა, რომ თუ ამ ეტაპზე წევრობა შეუძლებელია, მაშინ ალიანსმა უსაფრთხოების გარანტირება მაინც უნდა შეძლოს უკრაინისთვის.

როდესაც კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ კითხვა დაუსვეს, პესკოვმა თქვა: "ძალიან ვნანობთ, რადგან ეს აჩვენებს, რომ კიევის რეჟიმი მზად არაა და არც სურს, რომ არსებული პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაჭრას".

"უკრაინის ნატოში წევრობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია და პოტენციურად, ძალიან, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში პრობლემებს წარმოშობს... ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ეს გაიაზრა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვაშინგტონი უკვეთავს და ირჩევს სიმღერებს ნატოში. ევროკავშირი კი ამ ორკესტრში დამორჩილებულია",- თქვა პესკოვმა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინას ერთ დღეს ნატოს წევრობას მიანიჭებდნენ. თუმცა, 15 წლის შემდეგ, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. საქართველოში რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა და მცოცავ ოკუპაციას დღემდე აგრძელებს, ხოლო უკრაინაში რუსეთმა ომი ორჯერ, ჯერ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციისას, ახლა კი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

"რუსეთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაცულია",- თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG