ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევზე რუსულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრისპირა თავდასხმები მოიგერია. თავად რუსეთის მიერ, კიევზე განხორციელებულ თავდასხმას კი სამი ადამინი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 წლის გოგონა და მისი დედა, რომლებიც თავშესაფარს აფარებდნენ თავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოს მახლობლად, ბელგოროდის დასავლეთ რეგიონში, სამი უკრაინული თავდასხმა აღკვეთეს. უწყების ცნობით, დაიღუპა 30 უკრაინელი მებრძოლი და განადგურდა 4 ჯავშანმანქანა.

მაგრამ, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (RVC), ეთნიკური რუსების გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, აცხადებს, რომ რუსეთის შიგნით იბრძვის. “RVC-ის მეთაურის მიერ დაპირებული მეორე ეტაპი დაიწყო“ - ნათქვამია „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

კიევი უარყოფს უშუალო მონაწილეობას, თუმცა განხორციელებულ თავდასხმებში, მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ დაბომბეს შებეკინო საბჭოთა დიზაინის გრადის 122 მმ-იანი რაკეტებით, რის შედეგადაც დაიწვა საერთო საცხოვრებელი და დააზიანა ადმინისტრაციული შენობა. მისი თქმით, სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. გადაუმოწმებელმა ვიდეომ აჩვენა ხანძარი შებეკინოს დიდ შენობაში.

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის 10 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. მაისის დასაწყისიდან, რუსეთმა კიევზე 18 თავდასხმა განახორციელა.

კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს გაეროს მისია უკრაინაში. ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ მაისში, 6 ბავშვი დაიღუპა და 34 დაიჭრა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპულია 525 ბავშვი. რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას უარყოფს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG