ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთი დასავლეთის ქვეყნებს კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს


დიდი ბრიტანეთის კიბერთავდაცვის სააგენტო ავრცელებს გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ეროვნული ინფრასტრუქტურა "რუსების და უკრაინაში მათი ომის მიმართ სიმპათიით განწყობილი" ჰაკერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნეა.

რუსეთთან დაკავშირებული, ე.წ. "ჰაკტივისტები" უკვე არიან პასუხისმგებელნი არაერთ ონლაინ კამპანიაზე, რომლის შედეგადაც გამოირთო ესა თუ ის საჯარო ვებგვერდი. მაგრამ ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის შეფასებით, ზოგიერთი ეს ჯგუფი აქტიურად ცდილობს ბევრად უფრო მეტი და რეალური ზიანის მიყენებას.

"ზოგიერთმა მათგანმა გამოხატა სურვილი, რომ მიაღწიოს უფრო მეტი შეფერხებისა და განადგურების მომტან ეფექტს დასავლეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის დიდ ბრიტანეთში", - ამბობს კიბერუსაფრთხოების ცენტრი და განმარტავს: "ჩვენ ველით, რომ ეს ჯგუფები მოიძიებენ იმ შესაძლებლობებს, რომ შექმნან ასეთი გავლენა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როცა სისტემები ცუდადაა დაცული".

ასეთივე ჯგუფები, ოფიციალური უწყების განმარტებით, იდეოლოგიურად მოტივირებულნი არიან და საკუთარ ქმედებებს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ოფიციალურად მთავრობის კონტროლის ქვეშ. ეს კი მათ უფრო "ნაკლებად პროგნოზირებადს" ხდის.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ "გარე მხარდაჭერის გარეშე" მოხდეს ისეთი თავდასხმა, რომელიც დიდ ევროპულ სისტემებს, იქნება ეს ენერგიისა თუ წყლის მომარაგების სისტემები, მწყობრიდან გამოიყვანს, რადგან ეს თავდასხმა უნარებთან და შესაძლებლობებთან ერთად დიდ რესურსებსაც მოითხოვს. ანალიტიკოსების აზრით, ეს მხოლოდ დროის საკითხია: ისინი შესაძლოა თანდათან უფრო ეფექტურები და წარმატებულებიც გახდნენ და "გარე დახმარებაც" შესაძლოა უკვე მოქმედებდეს.

ბოლო კვირებში ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების შედეგად გამოქვეყნებულ ზოგიერთ მასალაში ნათქვამია, რომ პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა "ზარიამ" კანადის გაზის მომარაგების ინფრასტრუქტურაში შეღწევა მოახერხა. ამავე დოკუმენტების თანახმად, ჰაკერები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ამის მტკიცებულებებსაც კი სთავაზობდნენ და აჩვენებდნენ, რომ შეეძლოთ "წნევის გაზრდა, საგანგაშო სისტემების გაუვნებელყოფა და გაზის გამანაწილებელი სადგურის საგანგებო გათიშვის დაწყება". თუმცა, დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. სხვადასხვა ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს მათი ნაწილის ნამდვილობას და სიზუსტეს. პრორუსულ გვერდებზე გავრცელდა დოკუმენტების თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებული ვარიანტებიც.

XS
SM
MD
LG