ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ირანის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა შეიარაღებული ძალების 10 წარმომადგენელს პატიმრობა მიუსაჯა 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმესთან დაკავშირებით.

ავიაკატასტროფას 2020 წელს 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ონლაინ გამოცემა "მიზანი" 16 აპრილს წერდა, რომ მეთაურს 10-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენ 9 ბრალდებულს კი სხვადასხვა ვადით - ერთიდან 3 წლამდე.

"ამ საქმის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სენსიტიური და კომპლექსური სამართლებრივი პროცესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - ნათქვამია ვებგვერდზე. აქვე განმარტებულია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება იყო სწორედ ამ მეთაურის "გულგრილობის შედეგი, როცა მან არასწორად შეაფასა სიტუაცია და მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ეს მტრული სამიზნე იყო".

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი PS752 2020 წლის 8 იანვარს ჩამოვარდა, ის კიევისკენ მიემართებოდა და მის ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ მისმა "რევოლუციის მცველთა კორპუსმა" თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო და ამის მიზეზი ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა და ცოტა ხნით ადრე, ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად გენერლი ყასიმ სოლეიმანის მკვლელობა იყო.

მსხვერპლთა უმეტესობა კანადისა და ირანის მოქალაქეები იყვნენ, 11 კი უკრაინის. დაღუპულთა ოჯახის წევრები ორ წელზე მეტია ითხოვდნენ გამოძიებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ირანის მთავრობამ თითოეული მგზავრის ოჯახს 150 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გამოუყო, თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა ამ თანხაზე უარი თქვა. კანადამ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში წინასწარი განზრახვა არ იკვეთებოდა. კანადის სასამართლომ 6 დაღუპულის ოჯახისთვის 84 მილიონი დოლარის გამოუყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG