ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს


რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ერთობლივი გეგმა ბირთვული წყალქვეშა ნავების ახალი ფლოტის შექმნის შესახებ, ბირთვული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.

სამი ქვეყნის ლიდერებმა ორშაბათს პარტნიორობის ახალი გეგმის დეტალები წარმოადგინეს. პაქტი პარტნიორობის შესახებ - "AUKUS", გულისხმობს, რომ ავსტრალია ბირთვულ წყალქვეშა მოიერიშე ნავებს 2030-იანი წლების დასაწყისიდან მიიღებს. ამის მიზანი კი ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის ტერიტორიულ ამბიციებთან გამკლავების შესაძლებლობების გაზრდაა.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს შეთანხმება ბევრ კითხვას აჩენს და მათ პასუხი უნდა გაეცეს: "არსებობს ბევრი შეკითხვა ბირთვული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით. აქ გვჭირდება განსაკუთრებული გამჭვირვალობა, და ჩვენ გვჭირდება პასუხი კითხვებზე, რომლებიც ჩნდება", - თქვა პესკოვმა.

მას ამ "არსებული შეკითხვების" შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა მანამდე, ჩინეთმა არაერთხელ თქვა, რომ ავსტრალიის მომარაგება წყალქვეშა ბირთვული ნავებით, რომლებიც ძლიერ გამდიდრებული ურანით ფუნქციონირებს, ბირთვული იარაღის გავრცელების აქტად იქცევა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ბრიტანელ და ავსტრალიერ პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავები ბირთვულია, რადგან ისინი ბირთვულ ენერგიას მოიხმარს და არა იმიტომ, რომ ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი. "ამ ნავებზე არ იქნება არანაირი ბირთვული იარაღი", - განმარტა ბაიდენმა სან-დიეგოში გამართულ შეხვედრაზე.

ამ დროისთვის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ბირთვული წყალქვეშა ნავები მხოლოდ იმ ხუთ ქვეყანას აქვს, ვისაც შეთანხმება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებად ასახელებს. ესენია: შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამ ხომალდების წყალქვეშ ყოფნა უფრო დიდხანსაა შესაძლებელი, ვიდრე სხვა ნავების და მათი დაფიქსირებაც გაცილებით უფრო რთულია.

რუსეთის პრეზიდენტი "AUKUS"-ის სახელით ცნობილ შეთანხმებას ბრიტანეთს, ამერიკასა და ავსტრალიას შორის წყალქვეშა ნავების თაობაზე, თავიდანვე აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ეს რეგიონში არსებულ დაძაბულობას ჩინეთთან დაპირისპირების მიზნით, კიდევ უფრო ზრდიდა.

XS
SM
MD
LG