ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი, შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობის შესახებ შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ


თურქეთი აღიარებს, რომ შვედეთმა და ფინეთმა საჭირო ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ ანკარის შეშფოთების მიზეზებზე ეპასუხათ.

ჩრდილოეთ ევროპის ორმა სახელმწიფომ ნატოს წევრობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგან თურქეთი მათგან, უფრო მეტად კი შვედეთისგან, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა "ქურდისტანის მუშათა პარტიის" წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად. პარტიას ანკარა ტერორიტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

"თურქეთმა აღიარა, რომ შვედეთმა და ფინეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ამ შეთანხმების ფარგლებში, რაც კარგი ნიშანია", - თქვა წამყვანმა მომლაპარაკებელმა ოსკარ სტენსტრომმა ნატოს მთავარ ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც სამმხრივი შეხვედრა დასრულდა.

"კიდევ პატარა ნაბიჯი წინ: მოლაპარაკებები განახლდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრებს განვაგრძობთ, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, როდის", - თქვა მან.

პრეზიდენტ ერდოღანის პრეს-სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ დადებითი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი იმისთვის, რომ თურქეთმა მათი წევრობის გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინოს. ნატოში ახალი წევრების მიღებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება:

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის წუხილს და მოლოდინებს. ამ ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ამ საკითხის გადაწყვეტის მიმართულებასა და სისწრაფეს".

თურქეთმა იანვარში მოლაპარაკებები შეწყვიტა, ეს სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან გამართულ აქციას უკავშირდებოდა, სადაც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებმა ყურანი დაწვეს. თუმცა მადრიდის სამიტის შემდეგ, ანკარა გამუდმებით ამბობდა, რომ შვედეთი შეთანხმების თავის ნაწილს არ ასრულებდა.

XS
SM
MD
LG