ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: მთავრობის პასუხისმგებლობაა სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში თქვა, რომ ამერიკის დილომატიური უწყება ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით, მთავრობის პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.

ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება“.

სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო თანამეგობრობის უახლესი რეაქცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 1 თებერვალს სასამართლოზე მის ვიდეო ჩართვას მოჰყვა. საკუთარი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, სააკაშვილმა მაისური აიწია, სასამართლოს მისი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მოითხოვა.

სასამართლო სხდომიდან რამდენიმე საათში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო და მედპერსონალი სააკაშვილის მიერ თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ იქნება. მან ასევე დასძნა, რომ "პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება“.

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ კრიტიკული საჯარო კომენტარები გააკეთეს რამდენიმე ქვეყნის პირველმა პირებმა, მათ შორის, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა და ასევე ევროპარლამენტარებმა. ისინი სააკაშვილის ქვეყნის გარეთ მკურნალობას და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG