ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კრძალავს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისთვის რომლებმაც ფასის ზღვარი დააწესეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ნედლი ნავთობის მიწოდებას უცხოური კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც იცავენ დასავლელი მოკავშირეების მიერ დაწესებულ ფასის ზღვარაზე შეთანხმებას - ბარელზე 60 დოლარს. ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა რუსეთისთვის შემოსავლების შემცირებისთვის მიიღო, რათა მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსება გაუჭირდეს.

აკრძალვა ძალაში 1 თებერვლიდან შევა და ის 1 ივლისამდე იმოქმედებს. პუტინმა ბრძანებას ხელი დღეს, 27 დეკემბერს მოაწერა.

დადგენილება ეხება არა მხოლოდ ნავთობს, არამედ ნავთობპროდუქტებსაც. თუმცა, მთავრობა ცალ-ცალკე დაადგენს თარიღს, როცა აიკრძალება ამ პროდუქციის გაყიდვა დადგენილ ფასში.

განკარგულება, რომელიც სამთავრობო პორტალზე და კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, წარმოდგენილი იყო, როგორც პირდაპირი პასუხი „შეერთებული შტატებისა და მათ მიერ გაერთიანებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებზე, რომლებიც არამეგობრულია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას“.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოურ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე „აკრძალულია იმ პირობით, რომ ამ მიწოდების კონტრაქტებში პირდაპირ თუ ირიბად გათვალისწინებული იქნება ფასის დაფიქსირების მაქსიმალური მექანიზმის გამოყენება“.

დიდი შვიდეულის ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია დეკემბრის თვის დასაწყისში შეთანხმდნენ, რომ 5 დეკემბრიდან რუსეთის ზღვით მიწოდებული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შვიდეულის და ევროკავშირის სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე, ისევე როგორც ინსტიტუტებს, რომლებიც ატარებენ რუსული ნედლი ნავთობის ტრანზაქციებს, არ ექნებათ უფლება გაატარონ ტვირთები, თუ ნავთობი არ არის შეძენილი ფასის ზღვარზე ან ქვემოთ.

XS
SM
MD
LG