ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი უკრაინას ამ დრომდე ყველაზე დიდ დახმარებას გაუგზავნის


შვედეთი უკრაინას 287 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ეს თავდაცვის საშუალებების უდიდესი დახმარებაა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს. დახმარების ახალი პაკეტის შესახებ პრემიერ-მინინსტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

შვედეთის დახმარების წინა პაკეტები, რომლებიც მეზობელ ფინეთთან ერთად ნატოს დახმარების ფარგლებში იყო გაცემული, მოიცავდა მარტივ აღჭურვილობას, როგორიცაა ჩაფხუტები, ტყვიაგაუმტარ დამცავ მოწყობილობებსა და აღჭურვილობას, ასევე ფრთოსან რაკეტებსა და ასაფეთქებლებს.

"ესაა იმაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტი, ვიდრე აქამდე არსებული 8 პაკეტი ერთად. ესაა უდიდესი დახმარება უშუალოდ ჩვენგან და ჩვენ მივყვებით უკრაინის პრიორიტეტების სიას იმის შესახებ, თუ რა მიაჩნიათ მათ ახლა თავისთვის ყველაზე საჭიროდ", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრი პალ ჯონსონი კი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და ამუნიციას მისი შეიარაღებული ძალების მარაგებიდანნ. ეს მისი თქმით, ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად.

შვედეთის წინა, სოციალ-დემოკრატთა მთავრობამ, რომელიც კრისტერსონის მემარჯვენე კოალიციასთან სექტემბრის არჩევნებში დამარცხდა, უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე ტრანში გაუგზავნა.

საარტილერიო სისტემა Archer უკრაინის მთავრობის სასურველ იარაღს შორის ერთ-ერთი უპირველესია, ის ვერც ამ დახმარების პაკეტში მოხვდა, თუმცა თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მომავალში უკრაინა ქვეყნისგან მეტ დახმარებას მიიღებს და გამორიცხული არაა, რომ კიევში ეს სისტემებიც გაიგზავნოს.

კრისტერსონმა განმარტა, რომ მთავრობა ყურადღებით აკვირდება მოვლენებს პოლონეთთან დაკავშირებით, თუმცა მომხდარის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად კვლავ მეტი ინფორმაციაა საჭირო.

XS
SM
MD
LG