ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პრემიერი: ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ სიმშვიდეს უკრაინის თავისუფლებაში გავცვლით, ცდება


სამშაბათს, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ, პარლამენტის ქვედა პალატას სიტყვით პირველად მიმართა და საკუთარი პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა. მან ეკონომიკურ გამოწვევებზე, ენერგო-პოლიტიკასა და ევროკავშირზე ისაუბრა.

მელონიმ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთთან და ენერგო-რესურსებთან დაკავშირებით თქვა, რომ რომი არ უნდა დაჰყვეს რუსეთის შანტაჟს.

„ისინი, ვისაც სჯერა, რომ ჩვენს სიმშვიდეში უკრაინის თავისუფლების გაცვლაა შესაძლებელი, ცდებიან. ენერგომატარებლების საკითხზე პუტინის შანტაჟზე დაყოლა პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს, შემდგომი მოთხოვნების და შანტაჟისთვის გზის გახსნით, მას მხოლოდ გაამძაფრებს.“

„ჩვენი დღევანდელი პრიორიტეტი, ენერგიაზე მაღალი ფასების შეზღუდვა, მოწოდების წყაროების და ადგილობრივი წარმოების ყველა გზით დივერსიფიკაციის დაჩქარებაა", - აღნიშნა მან.

ეკონომიკის, გადასახადების და პენსიების თაობაზე საუბრისას ახალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას „მოქმედება როგორ კონტექსტშიც მოუწევს, ძალიან რთულია, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთული.“ პრემიერს მიაჩნია, რომ „ეროვნული ვალის შესამცირებელი გზა არც ბრმა მომჭირნეობა და არც ფინანსური ეშმაკობა არაა... (ნაკლები) ვალისკენ მიმავალი გზა, ხანგრძლივი და სტრუქტურული ეკონომიკური ზრდაა.“

ჯიორჯია მელონიმ ევროპის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ: „ევროკავშირს არ განვიხილავთ როგორც ელიტისტ კლუბს, პირველი და მეორე კლასის წევრებით, ან უფრო უარესი, სააქციო კაპიტალის კომპანიას, რომელსაც დირექტორთა საბჭო მართავს და მათი მთავარი საქმე ბუღალტერიის წესრიგში ქონაა.“

მელონის პარტიას ნეოფაშისტური ფესვები აქვს, მაგრამ მან პარლამენტს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იბრძოლებს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.

"მე არასდროს მქონია რაიმე სიმპათია ან სიახლოვე ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან. არც ერთი რეჟიმის მიმართ, ფაშისტურის ჩათვლით," - თქვა მან.

ახალმა პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული და ოლიგარქიული მოდელისგან თავისუფალი უნდა იყოს. მან განიხილა იტალიისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებიც, როგორიცაა იმიგრაცია, აბორტები და სამოქალაქო უფლებები, მაფია და კრიმინალი.

ჯიორჯია მელონიმ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებასაც, რომ თვითონ, თანამდებობაზე ოჯახის ან გავლენიანი მეგობრების მეშვეობით არ აღმოჩნდა და არაპრივილეგირებულ ადამიანთა წრიდანაა.

რადიკალი მემარჯვნე პარტიის, "იტალიის ძმების" ხელმძღვანელმა, 45 წლის მელონიმ, გასულ თვეში, არჩევნებში წარმატებას მიაღწია და მისი პარტია, ბერლუსკონის "ფორცა იტალია" და სალვინის "ლიგასთან" ერთად აკომპლექტებს იტალიის მთავრობას.

XS
SM
MD
LG