ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი ლუკაშენკოს ვიზიტზე: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა


კონგრესმენი ადამ კინზინგერი
კონგრესმენი ადამ კინზინგერი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსნადრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ლუკაშენკოს ვიზიტი უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება“.

ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ

„ამერიკის ხმასთან“ წერილობით გაკეთებულ კომენტარში, კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.

ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.

ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, „ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“.

საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია

განცხადება ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. საქართველოსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა 28 სექტემბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას.

პრაისის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო, თავისი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ლუკაშენკოს ვიზიტს, საქართველოს მთავრობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კომენტარი ქართულ მედიასთან გააკეთა და თქვა: მე არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, რომ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მერე მის ქვეყანას, ან ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორება. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება, - თქვა მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტივის" ეთერში და დაამატა, რომ "ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და მით უმეტეს, თუ იქნება ეს მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე კი ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: „ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს".

ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება

ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც გააკეთეს. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ "არ ღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს რეაქცია“.

არძინბას თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გეოპოლიტიკური რეალობით“, ბელარუსს კი განიხილავენ „ქვეყნის შიდაპოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“ და „მეგობრად“. არძინბას ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის, ეგრეთწოდებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამის არხით ვრცელდება.

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს წინასწარ უცნობი, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG