ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადაში მასობრივ მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს კვლავ ეძებენ


მესამე დღეა კანადაში ასობით პოლიციელი ეჭვმიტანილის მასშტაბური ძებნის ოპერაციაშია ჩართული. სამართალდამცავები ეძებენ ერთ გადარჩენილ ეჭვმიტანილს, რომელიც ცივი იარაღით მასობრივ დაჭრასთანაა დაკავშირებული. კვირას მომხდარი თავდასხმის დროს 10 ადამიანი მოკლეს. კანადაში მასობრივი ძალადობის შემთხვევები იშვიათია.

პოლიციამ განაცხადა, რომ 30 წლის მაილს სენდერსონი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და შესაძლოა, ის დაშავებულია. მისი ძმა, 31 წლის დემიენ სენდერსონი კი ორშაბათს მინდორში გარდაცვლილი იპოვეს.

ძმები 10 ადამიანის მკვლელობაში და 18-ის დაჭრაში არიან ეჭვმიტანილნი. დანაშაულმა, რომელიც კანადის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვია, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, „პირველი ხალხის“ თემი შეაშფოთა. პოლიციის განცხადებით, ზოგიერთი მსხვერპლი მიზანმიმართულად მოკლეს, სხვები კი შემთხვევითი სამიზნეები აღმოჩნდნენ.

სენდერსონს სამართალდარღვევისთვის მაისიდან ეძებდნენ. მან თავდასხმისთვის, ძარცვისთვის, ხულიგნობისთვის და მუქარის გამო სასჯელისგან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ, თავის ზედამხედველ ოფიცერთან შეხვედრები შეწყვიტა.

პოლიციამ განაცხადა, რომ სენდერსონმა შესაძლოა თავად მოკლა ძმა, თავად კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეჭვმიტანილს სამედიცინო დახმარება დასჭირდეს.

პოლიციას მსხვერპლის შესახებ დეტალები არ გაუხმოვანებია, გარდა იმისა, რომ მსხვერპლთა შორის არიან განსხვავებული ასაკის მამაკაცებიც და ქალებიც.

„პირველი ხალხის“ ტომის ზოგიერთმა ლიდერმა მკვლელობები ნარკოტიკების გამოყენებას დაუკავშირა, თუმცა პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, იყვნენ ტუ არა ეჭვმიტანილები ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

XS
SM
MD
LG