ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის სახლიდან "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტები ამოიღეს - "უოლ-სტრიტ ჯორნალი"


“უოლ-სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, რომ მათ მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აი) აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან გამოიტანეს საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები და მათ შორის ზოგიერთი დოკუმენტი - გრიფით „სრულიად საიდუმლო“. ეფ-ბი-აიმ მარალაგოში, ფლორიდის შტატში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სახლი გაჩხრიკა.

გამოცემის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ მოსამართლეს ორდერის მისაღებ განაცხადში უთხრა, რომ არსებობდა ტრამპის მიერ ჯაშუშობის კანონის დარღვევის სარწმუნო საფუძველი. კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას კრძალავს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა წაიღეს დაახლოებით 20 ყუთი. გაზეთი იუწყება, რომ სახლიდან გატანილ საგნებში იყო ფოტოალბომები, ხელნაწერი შენიშვნები და ბატონი ტრამპის მოკავშირე როჯერ სტოუნის საპრეზიდენტო შეწყალების აქტი. ამასთან ერთად, ყუთებში იყო ინფორმაცია „საფრანგეთის პრეზიდენტის“ შესახებ.

დოკუმენტების სია მოცემულია შვიდგვერდიან დოკუმენტში, რომელიც ასევე შეიცავს ჩხრეკის ორდერს. ორდერი აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლე ბრიუს რაინჰარტმა გასცა. გაზეთის ცნობით, სია დოკუმენტების შინაარსის შესახებ მეტ დეტალებს არ შეიცავს.

დადასტურების შემთხვევაში, თუკი ამერიკის 45-ე პრეზიდენტს მართლაც სახლში ჰქონდა წაღებული დოკუმენტები გრიფით „სრულიად საიდუმლო“, შესაძლოა მისთვის დიდი იურიდიული საფრთხის შემცველი იყოს.

„სრულიად საიდუმლო“ კლასიფიკაციის უმაღლესი საფეხურია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ყველაზე დაცული ინფორმაციისთვისაა განკუთვნილი. ჩვეულებრივ, ასეთი დოკუმენტები საგანგებო სამთავრობო ობიექტებზე ინახება, რადგან მათ გამჟღავნებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მძიმე ზიანის მიყენება შეუძლია.

პარასკევს ტრამპმა უარყო „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობა, რომ მის სახლი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული შესაძლო საიდუმლო მასალებისთვის გაჩხრიკეს და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა შეტყობინება: „ბირთვული იარაღის საკითხი სიყალბეა“.

XS
SM
MD
LG