ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის ავიაბაზის შემდეგ, აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე მოხდა


გავრცელებული ცნობების თანახმად, ბელარუსის რაიონში, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს, რომელსაც, უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის იყენებდა, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ქსელ „ტელეგრამის“ არხებმა „ბელარუსკი ჰაიუნ“ და „ფლაგშტოკ“, 11 აგვისტოს მოახდინეს თვითმხილველების ციტირება, რომლებმაც თქვეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონ გომელში, ზიაბროვკის სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს, რვა აფეთქების ხმა გაისმა და გაელვებები გამოჩნდა. ავიაბაზა უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 10 აგვისტოს, 23:00 გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სამხედრო ავტომანქანის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და „ხანძრის ჩასაქრობად ზომები იქნა მიღებული“. იქვე დაამატეს, რომ მსხვერპლი არ იყო.

ეს ინციდენტი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონ ყირიმში რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების წყების კვალდაკვალ მოხდა, რომლის დროსაც სულ მცირე ცხრა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. კიევს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აუღია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკის ბაზაზე თავდასხმა არ მომხდარა და აფეთქებები „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას“ დააბრალა.

უკრაინის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ბელარუსის ზიაბროვკის აეროდრომს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ ომში იყენებდა. გასულ თვეში სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ბელარუსის აეროდრომზე „ისკანდერ-მ“ და „ს-400“ მობილური სარაკეტო სისტემები განალაგა და უკრაინაზე დარტყმებისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG