ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზი რუსეთზე სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი არ იქნება, ამბობს ჩეხეთის პრემიერი


ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს. მაგრამ, უკვე ნათელია, რომ ის რუსული გაზის იმპორტს არ შეზღუდავს, რადგან ბევრ წევრ სახელმწიფოს ამ ვითარებაზე საკმარისად სწრაფად მორგება არ შეუძლია, უთხრა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო „როიტერს“.

ფიალამ თქვა, რომ სანქციები, რომელზე მუშაობასაც ევროკავშირის ადმინისტრაცია ახლა ამთავრებს და რუსეთზე წნეხის გასაზრდელადაა გათვლილი, სავარაუდოდ აკრძალავს ოქროს იმპორტს, გააფართოებს ორმაგი დანიშნულების საქონლის სიას, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალულია და სანქციების სამიზნედ მეტ პირს აქცევს.

პრაღის ოფისიდან საუბრისას მან თქვა: „მზადდება მეშვიდე პაკეტი და ვფიქრობ, ეს კარგი კურსია. ნამდვილად პრობლემური რაც არის, ეს ამ სანქციებში ენერგომატარებლების ჩართვაა, რადგან უნდა დავიცვათ წესი, რომ სანქციებმა რუსეთზე მეტი გავლენა უნდა იქონიოს, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც სანქციებს აწესებენ.“

ფიალამ თქვა, რომ სანქციებში გაზის ჩართვის შანსი არ არსებობს. „ვფიქრობ, ის იქ არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ქვეყანა რუსულ გაზზეა დამოკიდებული“, თქვა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელმაც 1 ივლისს, როტაციის წესით ევროკავშირის პრეზიდენტობა ჩაიბარა, ასეთი ქვეყნებიდან ერთ-ერთია. გაზზე თითქმის მთელი მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება რუსეთზეა დამოკიდებული.

მოსკოვის უკრაინაში შეჭრამდე, ევროკავშირი გაზზე საკუთარი მოთხოვნის 40 პროცენტის დასაკმაყოფილებლად, რუსეთზე იყო დამოკიდებული. უკრაინის არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაზზე ემბარგო დაეწესებინათ, სანქციების პირველი ექვსი პაკეტი რუსული გაზის იმპორტს არ შეხებია.

XS
SM
MD
LG