ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სამშაბათს ტელეფონით ისაუბრა. მისი თქმით, მათ განიხილეს უკრაინაში ფრონტზე არსებული სიტუაცია და ასევე მოსკოვზე სანქციების გაზრდის შესაძლებლობა.

"პროდუქტიული საუბარი გამართა @Bundeskanzler-თან. განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია, რუსეთზე შემდგომი ზეწოლა, სანქციების გაზრდა და მშვიდობის პერსპექტივები" - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.

მან დასძინა, რომ ის დიდ იმედებს ამყარებს გერმანიის შემდგომ დახმარებაზე უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე.

ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც. ასევე "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ფრანგ კოლეგას მიაწოდა ომთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია. "ვესაუბრე ბრძოლის მიმდინარეობის, აზოვსტალიდან ჯარისკაცების გადასარჩენი ოპერაციის და მოლაპარაკების პროცესის მომავლის ხედვის შესახებ", დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს საფრანგეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების თემა, "რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი და უკრაინის სუფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძლო ექსპორტი". საკუთარ განცხადებაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მაკრონს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც ესაუბრა.

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის და ყველაზე დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ქვეყნებად აღიქმებიან.

რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ გეგრმანია უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული და არასაბრძოლო მასალით ეხმარებოდა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ბერლინმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინას საბრძოლო მასალა გაუგზავნა, მათ შორის იყო კიევისთვის მძიმე ჯავშანტექნიკის გაგზავნაც.

რუსეთმა ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, და ის მას დღემდე "სპეციალურ ოპერაციად" მოიხსენიებს. ომის თავდაპირველი განცხადებული მიზანი კიევის აღება, მთავრობის ჩამოგდება და უკრაინის დენაციფიკაცია იყო. თუმცა კრემლს სტრატეგიის შეცვლა მოუწია, და ახლა მთელი ყურადღება რუსულ ჯარს, უკრაინის აღმოსავლეთზე, დონბასის რეგიონზე აქვს მიმართული.

XS
SM
MD
LG