ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვარამიას საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - ომბუდსმენი


ნიკა გვარამია, "მთავარი არხის"დამფუძნებელი
ნიკა გვარამია, "მთავარი არხის"დამფუძნებელი

16 მაისს სასამართლომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალების მფლობელის დაპატიმრების განკარგულება გამოსცა. ნიკა გვარამია, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი“ 2019 წლის აგვისტოში დააფუძნა, ახლა პატიმარია. სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. მას ბრალად ედება კორპორატიული ავტომანქანის ოჯახის წევრებისთვის გაზიარება.

სასამართლოს მეგობრის სტატუსით, საქალაქო სასამართლოს სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე, პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა. ომბუდსმენი ამბობს, რომ მედია მფლობელის მიმართ წარდგენილი ბრალი დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მიზეზი და განაცხადოს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. საქმე პოლიტიკურად სენსიტიური არის, რადგან ფაქტია, რომ ბატონი გვარამიას მოღვაწეობა, თავისი შინაარსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური. პოლიტიკურ სენსიტიურობას ეს განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეუძლია ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათი მმართველობისთვის, სამწუხაროდ, არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ ისინი ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულს და არამგონია, მათთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს,“- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

სახალხო დამცველს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ისარგებლოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, „სასამართლოს მეგობარი“ წარადგენს ნორმატიული ან ფაქტობრივი ხასიათის ინფორმაციას, რომლის მიზანია სასამართლოს დაეხმაროს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში. „სასამართლოს მეგობარი“ არ არის არც პროცესის მხარე და არც მესამე პირი. მოსაზრების წარდგენის მიზანს არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის მხარდაჭერა.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას საქმე მხოლოდ კორპორატიული სამართლის მიხედვით რომ განხილულიყო, არც მაშინ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რაზეც განაჩენია გამოტანილი, საერთოდ, არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მას შემდეგ, რაც რუსთავის საპატიმროში ნიკა გვარამია მოინახულა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ იკვეთება მედიის შეზღუდვის საკითხი. მისი თქმით, საქართველოს სასამართლო არღვევს ევროკონვენციით გათვალისწინებულ ნორმებს. „სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქმეზე, ბრალდებაზე, რის შესახებაც სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის ნიშნები არ არსებობდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ამ განაჩენით დარღვეულია ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც კრძალავს ადამიანის მიმართ განაჩენის დადგომას იმ დროს, როდესაც არ არსებობს დანაშაული. დანაშაული არაა ჩადენილი. იმ ქმედებებისთვის, რომელიც დანაშაულად არ ითვლება,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

მედია მფლობელის, ნიკა გვარამიას მიმართ დამდგარი განაჩენის სამართლებრივი ასპექტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვნილმაც შეაფასა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა. ხელისუფლება სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ,- მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი.

„გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ ამ საქმეს. ესაა მოსამართლის საკითხი, პირველ რიგში. ამ მოსამართლეს არ ჰქონდა საქმის განხილვის უფლება, რადგან ისაა გვარამიას მოწინააღმდეგე მხარის, "რუსთავი 2"-ის დირექტორის მეგობარი. საქმის განმხილველი მოსამართლის ობიექტურობასთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მოთხოვნის მიუხედავად, მან არ აიცილა საქმე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლე ვერ იქნებოდა ობიექტური,“ - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

მნიშვნელოვანი ზიანი, რაც მედია მფლობელის, ნიკა გვარამიას საქმეზე დამდგარი განაჩენიდან გამომდინარეობს, პოლიტიკურ ასპექტს ეხება. „რა აძლევს საქმეს პოლიტიკურ მდგენელს? ამაზე პასუხი გახლავთ ის, რომ საქმე დაიწყო, განახლდა, შეჩერდა, შემდეგ ისევ განახლდა პოლიტიკური პროცესების შესაბამისად. ახლა კი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მივიღეთ ევროკომისიისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემის შეფასება გადაწყვეტდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დააპატიმრეს მედია მფლობელი. ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების სიტემა არის პოლიტიზირებული. სახელწმიფოს როდესაც დასჭირდა, სასამართლო უკანონო და უსამართლო დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა“, - ამბობს ნიკა სიმონიშვნილი.

ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა
ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა

სასამართლოს პოლიტიზირებულობის შესახებ საუბრობს ომბუდსმენიც. მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიასაშუალების მფლობელის დაკავება არა მხოლოდ შიდა დემოკრატიულ პროცესებზე აისახება უარყოფითად, არამედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც. „დამდგარია კრიტიკული განაჩენი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების მენეჯერის მიმართ. ესაა უკიდურესად პრობლემური საკითხი. ეს უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლების და მედია თავისუფლებაზე. ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა,“- ასეთია ომბუდსმენის შეფასება.

„მარლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურ ინსტრუმენტადაა გამოყენებული. ამიტომაც ეჭკქვეშ დადგება ჩვენი კანდიდატობის საკითხი ევროკავშირში. ხელისუფლება ბოლო პერიოდში შეგნებულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ევროინტეგრაციას გვაშორებს. საუბრით არა, მაგრამ საქმით, ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯებს დგამს“,- ამბობს ნიკა სიმონიშვნილი.

მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგომ, გამოსავლის გზების ძიებაში არიან. „აქ არაა საუბარი მხოლოდ ერთ პატიმრობაზე. ახლა, როდესაც უნდა გამოცხადდეს ევროკავშირის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გვაძლევენ, თუ არა კანდიდატის სტატუსს, ნიკას პატიმრობა არის მესიჯი საქართველოდან, რომ ჩვენ საბოტაჟს ვუწევთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს,“- აცხადებს ეკა კვესიტაძე, „მთავარის“ წამყვანი.

„საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებაში. ნიკა გვარამიამ დაიმსახურა საზოგადოებისგან დაცვა. დიქტატურამ არ იცის არჩევა, დიქტატურა მივა ყველასთან. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია,“- ამბობს ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი.

„დღეს ჩვენ ვართ იმ მიჯნაზე, რომლიც იქითაც არსებობს მხოლოდ რაშისტული რუსეთი. პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება, ლუკაშენკოს მოდელი სანატრელი გაგვიხდეს. საქართველოში არსებობს საფრთხე კადიროვიზაციის. ამ ტერმინს შემთხვევით არ ვახსენებ, რადგან გასული წლის 5 ივლისს ჩვენ ამას უკვე შევეჯახეთ. ვერ გადარჩა ლექსო ლაშქარავა... კადიროვიზაცია ემუქრებათ არა მხოლოდ ჟურნალისტებს,“ - განაცხადა „ფორმულას“ წამყვანმა გიორგი თარგამაძემ „მთავარის“ ეთერში.

ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც გააკეთა. ის ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი

„თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცენდენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია,“- აცხადებს აშშ-ს საელჩო.

„ჩვენ გვახსოვს, როდესაც მიმდინარობდა სასამართლო დავა რუსთავი 2-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაშინაც უამრავი განცხადება კეთდებოდა პოლიტიკური დევნის შესახებ ხელისუფლებისგან. სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი სიმართლე. გამორიცხა ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნით სასამართლო ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილება. დღესაც ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, ანალოგიური სურათი“,- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან.“

ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გორში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

ნიკა გვარამიასა და "მთავარისადმი" სოლიდარობის გამოსახატად მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ გორსა და ქუთაისში. ისინი აცხადებდნენ, რომ სასამართლო მიკერძოებულია, გვარამიას დაკავების დამკვეთი კი ხელისუფლებაა, რომელსაც კრიტიკული მედია აღიზიანებს.

2019 წელს, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა და ნიკა გვარამიას, როგორც დირექტორს, სამსახურის დატოვება მოუხდა, არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა. ერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის ადგილას საზოგადოებამ, იმ დროს, სამი ახალი ტელევიზია მიიღო. დღევანდელი მაჩვენებლით, ყველა მათგანის მფლობელის მიმართ, სხვადასხვა მიმართულებით, საქმეა აღძრული. „მთავარი“, რომლის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია გახლავთ, შექმნიდან 17 დღეში გავიდა ეთერში. სხვა ტელევიზიებთან ერთად, ის რჩება მაუწყებლად, რომელიც სარედაქციო თავისუფლებას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG